"ფროზინონეში თბილად დამხვდნენ და ადაპტაციაში დამეხმარნენ" - გიორგი კვერნაძე » სპორტის ხაზი

"ფროზინონეში თბილად დამხვდნენ და ადაპტაციაში დამეხმარნენ" - გიორგი კვერნაძე

"ფროზინონეში თბილად დამხვდნენ და ადაპტაციაში დამეხმარნენ" - გიორგი კვერნაძე
7-07-2023, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მორიგი შემტევი ითამაშებს, - ეს გიორგი კვერნაძეა, რომელიც ფროზინონეში 1 წლით იჯარის წესით გადავიდა.

აი, რა კომენტარი გააკეთა ტრანსფერისა და იტალიური თავგადასავლის დაწყების შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა:

"სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. თუმცა, რეალურად, ჩემი ოცნებების ახდენისთვის ბრძოლა დღეიდან იწყება, რადგან ბედნიერებისთვის მხოლოდ აქ მოხვედრა საკმარისი არაა."

"ჯერ ყველაფერი არ მინახავს, თუმცა ფროზინონეს საშინაო არენაზე ვიყავი, სადაც უნდა ვითამაშოთ და ძალიან მომეწონა. კლუბის ხელმძღვანელობიდან ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა, კეთილგანწყობა და მხარდაჭერა უკვე ვიგრძენი. იმავეს ვიტყვი თანაგუნდელებზე, ძალიან უბრალო და სასიამოვნო ადამიანები არიან, ურთიერთობაში შესვლა საერთოდ არ გამჭირვებია."

"პოტენციურად პირველი მატჩის ჩატარება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის წინააღმდეგ რომ მიწევს, სიმბოლურია - ლიგაში ორი ქართველი ვართ და საწყის მატჩშივე ერთმანეთს ვეთამაშებით. მგონია, ეს ქართველი გულშემატკივრებისთვისაც სასიამოვნო მომენტი იქნება. ხვიჩამ ამ ჩემპიონატში გატარებულ სადებიუტო სეზონში, უკვე ძალიან ბევრი რამ დაამტკიცა და მაქსიმალურად შევეცდები, რომ თავი მეც საუკეთესო გზით წარმოვაჩინო."

"ჩემთვის აქ ყველა შეხვედრა უდიდესი მოტივაცია იქნება და ცხადია, პირველივე მატჩში თუ ჩემპიონის წინააღმდეგ ვითამაშებ, ძალიან კარგი დასაწყისი გამოვა."

"ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით რომ ვერ ვითამაშე, გული ძალიან დამწყდა, მატჩების ყურებისას, ალბათ, პულსი 200-ზე მიწევდა. მაგრამ ჩემთვის ეს სიახლე იმ დანაკლისის მცირე კომპენსაცია გახდა და ახლა უკვე შევეცდები, რომ საკუთარი ადგილი ეროვნულ ნაკრებში მოვიპოვო."

"მადლობა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და მოლოცვებისთვის, არაფერს დავაკლებ, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო და ჩემი ხალხი გავახარო."
- თქვა გიორგი კვერნაძემ

ინტერვიუ მოამზადა Europop-მა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი