4-ჯერ ვეთამაშეთ და 2-ჯერ მოვუგეთ | შოტლანდია - საქართველოს პრევიუ » სპორტის ხაზი

4-ჯერ ვეთამაშეთ და 2-ჯერ მოვუგეთ | შოტლანდია - საქართველოს პრევიუ

4-ჯერ ვეთამაშეთ და 2-ჯერ მოვუგეთ | შოტლანდია - საქართველოს პრევიუ
19-06-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა ჯერ ნორვეგიასთან საკუთარ კედლებში ქულა აიღო, შემდეგ კი კვიპროსი გასვლით შეხვედრაში დაამარცხა და ორი მატჩის შემდეგ A ჯგუფში თავი 4 ქულას მოუყარა, რის ხარჯზეც საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ეროვნული გუნდის მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება, მეტოქე კი სტივ კლარკის შოტლანდია იქნება, რომელთანაც საქართველოს კუთვნილი გამოცდილება უკვე მიღებული აქვს. ისტორიის განმავლობაში სკოტებს 4-ჯერ ვეთამაშეთ, აქედან კი გამარჯვების მოპოვება ორჯერ მოვახერხეთ. მიუხედავად სოლიდური სტატისტიკისა, ისიც უნდა ითქვას, რომ გლაზგოში ორივე თამაში წაგებული გვაქვს. შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი ჰემპდენ პარკზე ნავსის გატეხვას და ადგილობრივი ნაკრების დამარცხებას ისტორიაში პირველად შეეცდება.

საქართველოსა და შოტლანდიის პირველი გადაკვეთა 2007 წლით თარიღდება, როდესაც მეტოქეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში შევხვდით, გასვლაზე 2-1 წავაგეთ, საშინაო მატჩში კი მეტოქე 2-0 დავამარცხეთ. რაც შეეხება მეორე დუელს, ის 2015 წელს, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეგდა, სადაც გასვლითი შეხვედრა 1-0 დავთმეთ, დინამო არენაზე კი ანალოგიური ანგარიშით მოვიგეთ.

ამინდის ცვლილებადობა და მისი გავლენა ფეხბურთელებზე

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტემპერატურის ცვლილების საკითხი, რაც ჩვენს გუნდზე თავისებურად დანამდვილებით იმოქმედებს. საგულისხმოა, რომ ზაფხულში კვიპროსის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, შოტლანდიაში კი საზაფხულო მაჩვენებელი 15 გრადუსამდე მერყეობს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ორმაგად განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში მოუწევს თამაში, რაც უმნიშვნელო დეტალი სულაც არაა.

როგორი გუნდია სტივ კლარკის შოტლანდია

შოტლანდიის ამ ფორმაციის გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში უკვე 7 მატჩია არ წაუგია. ბოლოს მათ შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ ერთა ლიგის ეგიდით დათმეს, დუბლინში 3-0 განადგურდნენ, მას შემდეგ კი თითქმის ყველა შეხვედრას იგებენ. საგულისხმოა, რომ შოტლანდია საშინაო მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაა იმარჯვებს, მათი ბურთების შეფარდება კი საოცრად გამოიყურება, - 12:1. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ სკოტები ჰემპდენ პარკზე სტივ კლარკის ხელში გოლს ძალიან იშვიათად უშვებენ, რაც ვილი სანიოლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თავსატეხი იქნება.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ბურთის ფლობის მაჩვენებელი თავისთვის სასიკეთოდ არც ნორვეგიასთან და არც ესპანეთთან შეხვედრებში არ ჰქონია, თუმცა მათ გამარჯვების მოპოვება ორივე შემთხვევაში შეძლეს. შესაბამისად, შოტლანდიისთვის ბურთის წართმევა გადამწყვეტი ტაქტიკური ფაქტორი არ იქნება, პირიქით, ამ ნაკრებს მეორე ნომრად თამაშიც მშვენივრად შეუძლია.

ამ ფორმაციის შოტლანდიის ლიდერები სკოტ მაკტომინეი და ენდი რობერტსონი არიან, რომლებსაც ზურგს პრემიერ ლიგაში მიღებული გამოცდილება უმაგრებთ, ერთს მანჩესტერ იუნაიტედში, მეორეს კი ლივერპულში. გარდა ამ მოთამაშეებისა, შოტლანდიას სხვა ისეთი ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მაგალითისთვის, ასეთია ლინდონ დაიკსი, ქვინს პარკ რეინჯერსის თავდამსხმელი, რომელმაც ნორვეგიასთან გამართულ შეხვედრაში 3 წუთში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რამაც სკოტებს გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი