ერთმანეთი მოენატრებოდათ | როგორი იყო ნაპოლის ლიდერთა სანაკრებო პაუზა? » სპორტის ხაზი

ერთმანეთი მოენატრებოდათ | როგორი იყო ნაპოლის ლიდერთა სანაკრებო პაუზა?

ერთმანეთი მოენატრებოდათ | როგორი იყო ნაპოლის ლიდერთა სანაკრებო პაუზა?
29-03-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონს ნაპოლი ფანტასტიკურად ატარებს, - ალბათ, მისი ზოგიერთი ფეხბურთელი კარიერის პიკშიც კი იმყოფება, რაც იტალიის სამხრეთში მდებარე გუნდს ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მოგებასთან კიდევ უფრო აახლოებს.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის ლიდერთა სანაკრებო პაუზა არც თუ ისე სახარბიელო გამოდგა, ყოველ შემთხვევაში ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორის მოლოდინიც გვქონდა.

მაგალითისთვის, კლუბის მთავარმა ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიის ნაკრებთან ერთად ორი შეხვედრა გამართა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთ შემთხვევაში მოახერხა, ზედიზედ ორი მატჩის უგოლოდ ან საგოლე პასის გარეშე დატოვება კი ოსიმენისგან ამ სეზონში თითქმის გამორიცხულია.

სანაკრებო შესვენება კარგი არც გუნდის სამხრეთ კორეელ მცველს, კიმ მინ-ჯეს გამოუვიდა, რომელმაც ორი ამხანაგური მატჩი გამართა (კოლუმბიასთან და ურუგვიასთან) და ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. პირველ ჯერზე კორეელებმა 2 გოლი მიიღეს და 2 თავადვე გაიტანეს, მეორეში კი 1:2 დამარცხდნენ.

არაპროდუქტიული სანაკრებო მატჩები ჰქონდა ზამბო ანგისას კამერუნსაც, რომელმაც აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორიდან ერთი მატჩი წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. ნაპოლის 99-ე ნომრის გუნდმა ორივე მატჩი ნამიბიასთან გამართა, შინ 1:1 ითამაშა, გასვლაზე კი 2:1 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ზამბო ანგისამ ორივე შემთხვევაში შეუცვლელად ითამაშა.

არც ისე დამაჯერებელი იყო თავად ნაპოლის კაპიტანი და მისი სანაკრებო პაუზა. მაგალითისთვის, ჯოვანი დი ლორენცოს იტალიამ ინგლისთან მნიშვნელოვანი მატჩი დათმო, ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელმა კი პენალტი უცნაური თამაშით აიკიდა. აღსანიშნავია, რომ რობერტო მანჩინიმ მეორე შეხვედრაში (მალტასთან) დი ლორენცო მხოლოდ ერთი ტაიმი ათამაშა, შემდეგ კი მატეო დარმიანით ჩაანაცვლა.

ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნაპოლის ლიდერს ვუწოდებთ და მის სანაკრებო პაუზას დადებითად ჩავთვლით სტანისლავ ლობოტკაა, რომლის სლოვაკეთმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩიდან ერთი ფრედ დაასრულა, მეორე კი მოიგო, თანაც ლობოტკამ ამ უკანასკნელში საგოლე პასი მიითვალა (ლუქსემბურგთან 0:0, ბოსნიასთან 2:0).

ასეთი შედეგების ფონზე, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ ნაპოლის ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზისას ერთმანეთი აკლდათ. ამის მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც გამოდგება, რომლის თამაშშიც ხვიჩა კვარაცხელიას შეტევის გაცილებით ცოტა მცდელობა ჰქონდა, ვიდრე ეს ნაპოლიშია ხოლმე. ეს ყველაფერი კი იმით აიხსნება, რომ კვარას იტალიურ გუნდში ბურთის მიმწოდებელი ჰყავს, შესაბამისად, შეტევაში უფრო მეტ დროს ატარებს. ასეთი რეალობის პარალელურად, ხვიჩას ეროვნულ გუნდში მომენტების შექმნის მინიმალური რაოდენობა ჰქონდა, რამაც, ცხადია, რომ ჩვენს ტალანტზე წნეხი მაქსიმალურად გაზარდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.