საფეხბურთო სამყაროს მარადიული ღმერთი - დიეგო არმანდო მარადონა » სპორტის ხაზი

საფეხბურთო სამყაროს მარადიული ღმერთი - დიეგო არმანდო მარადონა

საფეხბურთო სამყაროს მარადიული ღმერთი - დიეგო არმანდო მარადონა
2-10-2022, 00:31
Aa Aa
გაზიარება:

დიეგო არმანდო მარადონა ნამდვილი ჯადოქარი იყო, რომელსაც ბურთთან ერთად საოცრებების კეთება შეეძლო. არგენტინელი 10-იანის საფეხბურთო კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში უამრავი გასაოცარი მომენტისა და ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მთავარი მაინც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალია, სადაც ლურჯებში შემოსილმა მარადონამ ინგლისის ნაკრებს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, მოგვიანებით კი საკუთარ ნაკრებს რიგით მე-2 მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

საფეხბურთო სამყაროს მარადიული ღმერთი - დიეგო არმანდო მარადონა


გარდა მარადონას სოლო გოლისა, რომელიც "ფიფამ" საუკუნის გოლად დაასახელა, ინგლისმა კიდევ ერთი ბურთი გაუშვა და გოლის ავტორი კვლავ დიეგო გახლდათ, რომელმაც პიტერ შილტონის პირისპირ დარჩენილმა თავით დარტყმის იმიტირება მოახდინა, სინამდვილეში კი გოლი ხელით გაიტანა, რასაც საბოლოოდ "ღმერთის ხელი" ეწოდა. რასაკვირველია, მატჩის შემდეგ მარადონას კითხვა პირველ გატანილ გოლზე დაუსვეს, ხოლო დიეგომ უპასუხა, რომ გოლი თავითა და ხელით ერთდროულად გაიტანა.



1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიეგოს ტრიუმფი ჯერ ბელგიასთან, სადაც მარადონამ 2 გოლი გაიტანა, შემდეგ კი დასავლეთ გერმანიასთან გაგრძელდა, სადაც არგენტინელთა 10-იანმა ხორხე ბურუჩაგას გამარჯვების გოლის გატანამდე საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის თასის მიღებით დასრულდა.



მარადონამ თავისი საუკეთესო წლები საკლუბო ფეხბურთში "ნაპოლიში", "ბარსელონასა" და "სევილიაში" გაატარა, თუმცა იქამდე დიეგო არგენტინაში, კერძოდ "ბოკა ხუნიორსში" თამაშობდა, სადაც "ღმერთის ხელის" შემოქმედმა სუპერკლასიკო "რივერ პლეიტთან", მოგვიანებით კი შიდა ჩემპიონატიც მოიგო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მარადონა "ბარსელონაში" რეკორდულ თანხად, 5 მილიონ ფუნტად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ დიეგომ კლასიკოში მოხდენილი გოლის გატანა და გულშემატკივრებისგან ოვაციების მიღებაც დაიმსახურა.

ბარსელონური ცხოვრების შემდეგ, დიეგო იტალიაში გადაბარგდა და "ნაპოლის" ოქროს ხანის მომტან მეფედ მოევლინა. 1986-87 წლებში მან სკუდეტო "ნაპოლისთან" ერთად პირველად მოიგო, ხოლო მისი, ბრუნო ჯორდანოსა და კარეკას შემტევი ტრიო ცნობილი იყო როგორც MA-GI-CA. იტალიის ჩემპიონობას მოჰყვა კოპა იტალიის, უეფას თასის, კიდევ ერთი სკუდეტოსა და იტალიის სუპერთასის მოგება.

საბოლოოდ, დიეგო მარადონამ საკლუბო კარიერაში ცხრა ტიტული მოიგო, ესენია: არგენტინის ჩემპიონატი "ბოკა ხუნიორსთან", კოპა დელ რეი, კოპა დე ლა ლიგა და სუპერკოპა "ბარსელონასთან", 2 იტალიის ჩემპიონატი, უეფას თასი, კოპა იტალია და სუპერკოპა "ნაპოლისთან" ერთად.

შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი