“მზად ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო” - ვინ არის ნაკრების 17 წლის დებიუტანტი » სპორტის ხაზი

“მზად ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო” - ვინ არის ნაკრების 17 წლის დებიუტანტი

“მზად ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო” - ვინ არის ნაკრების 17 წლის დებიუტანტი
21-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ვილი სანიოლიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი გამოაქვეყნა, მაგრამ მოგვიანებით შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზა. ტრავმირებული დავით ხოჭოლავა მამუკა კობახიძემ ჩაანაცვლა, აგრეთვე სიაში თბილისის “დინამოს” 17 წლის ნახევარმცველ გაბრიელ სიგუასაც შეამჩნევდით.

ბევრისთვის ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილება, რომ “დინამოს” 38-ე ნომერი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, გაურკვეველი იყო, მაგრამ როგორც თავად სანიოლიმ მედიასთან აღნიშნა, გაბრიელის პროგრესითა და თამაშის სტილით მოხიბლულია.

სიგუამ საფეხბურთო კარიერა თბილისის “დინამოს” აკადემიაში დაიწყო, ძირითად გუნდში კი უკვე გასული წლის 20 აგვისტოს გორის “დილას” წინააღმდეგ ვიხილეთ. იგი მოედანზე 66-ე წუთზე გამოვიდა, 88-ზე კი საგოლე გადაცემა მიითვალა. საერთო ჯამში გაბრიელმა 2022 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი 17 წლის ნახევარმცველისათვის მშვენივრად დაიწყო. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში უკვე ხუთი ტური ჩატარდა, სიგუა ხუთივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. მეტიც გაბრიელმა სამი გოლის გატანაც მოახერხა და ქომაგს თავი ძალიან კარგად დაამახსოვრა.

ცოტა ხნის წინ მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო - სიგუა ვილი სანიოლიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იხმო მარტის მატჩებისათვის, მონღოლეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ. აქამდე მას ასაკობრივი ნაკრებები გამოვლილი აქვს, 17 წლამდელთა გუნდს კი სწორედ თავად უკაპიტნა, 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. ახლა კი დროა ახალგაზრდა, მოტივირებული ნახევარმცველის ძალები ეროვნულ ნაკრებში დავინახოთ.

“პირველად ბურთს რომ შევეხე, იმ წამიდან ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ასეთი ამაღელვებელი და ემოციური იქნებოდა.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ. ამავდროულად, ვგრძნობ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა და მზად ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო” - სიგუას პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით თბილისის “დინამოს” სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

სიგუას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა და ნიჭი, რომ საქართველოსთვის მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გახდეს. რაც მთავარია, მისი მთავარი სურვილია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ ნაკრებშიც დაამტკიცოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი