"ვერ ვხვდები ეიფორიის მიზეზი რა იყო" - ზურა თალაკვაძე » სპორტის ხაზი

"ვერ ვხვდები ეიფორიის მიზეზი რა იყო" - ზურა თალაკვაძე

"ვერ ვხვდები ეიფორიის მიზეზი რა იყო" - ზურა თალაკვაძე
25-09-2022, 21:02
Aa Aa
გაზიარება:

საკალათბურთო ევრო 2022, - ფორუმი, რომლისადმი მოლოდინებიც ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ დიდი ჰქონდა. ტურნირამდე, დროთა განმავლობაში, ემოციის კვდომა ნაკრების კაპიტნისა და უპირობო ლიდერის, თორნიკე შენგელიას ტრავმამ გამოიწვია, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვიცოდით, რომ ჯგუფის დაძლევა და თავის დამაჯერებლად წარმოჩენა შეგვეძლო, რადგან შენგელიას გარეშეც ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 1 მოგებით ჯგუფში ჩარჩა და ევროპის ჩემპიონატს უსუსტესი თამაშით დაემშვიდობა.

ტურნირის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, Sixth Man-ის საკალათბურთო პოდკასტში, ილო ბეროშვილთან და პაატა წამალაშვილთან ისაუბრა საკალათბურთო კომენტატორმა ზურა თალაკვაძემ:

"ვერ ვხვდები რა იყო ეიფორიის შექმნის მიზეზი გარდა იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვატარებდით. განა ოდესმე ჩაგვიტარებია ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ, უშეცდომოდ და მაღალ დონეზე? 2017 წელსაც, როდესაც უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა, მაინც პრობლემურად ვიასპარეზეთ და ჯგუფში ჩავრჩით".

"მიუხედავად ყველაფრისა, მესმის, რომ თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა და მასთან ერთად გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით, მაგრამ მისი დაკარგვით ლიდერი დავკარგეთ და არა ნიჭი. ჩემი აზრით, თოკოს გარეშეც უნდა დაგვეძლია ჯგუფური ეტაპი. გარდა ამისა, კითხვა მაქვს, თუ რატომ ვთამაშობდით სამი მაღლით? ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნელი ნაკრები გვყავდა. ამიტომ, მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ვერაფერი გავუგე".

"პირსახოცის დასაჭერად ხომ არ არის ყველა მოთამაშე? არ მესმის რატომ მიგყავს მოთამაშეები, რომლებსაც საერთოდ არ გამოიყენებ. რა თქმა უნდა, ყველას თანაბარი დრო ვერ ექნება, მაგრამ ის სურათი, რაც ვიხილეთ არ მომეწონა. აქვე ვიტყვი, რომ ზუროსი საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევრობასკეტზე მისი მისამართით ბევრი კითხვა გამიჩნდა".

"ცალკეა გამოსაყოფი ისიც, რომ თითქმის ყველანაირ სტატისტიკაში ბოლო ადგილი დავიკავეთ. ერთადერთი, სადაც მოწინავე პოზიციაზე ვიყავით, ეს მოხსნები იყო, რაც სამი მაღლიდან გამომდინარე ლოგიკურიცაა. თუმცა, დანარჩენი სტატისტიკა ცუდად მეტყველებს ჩვენს ევრობასკეტურ თავგადასავალზე".

"აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს მადლობა, ვინც კი დრო მიიღო. შევამჩნიე, რომ ნაკრებს უნდოდა უკეთესად ეთამაშა, ამის ძლიერი სურვილი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ნეგატიურად დაეწყო ჩვენთვის. შერმადინი ასეთი გაბრაზებული გახსოვთ?, - ვფიქრობ, ეს იმან განაპირობა, რომ საშინელი სურათისგან თავის დაღწევას და უნარების გამოვლინებას ცდილობდა, მაგრამ, სამწუხაროდ არაფერი არ გამოგვივიდა".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი