სიტყვა, რომელსაც ბევრი ვერ აღიქვამს - გარეთ ბეილი საფეხბურთო სამყაროს დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

სიტყვა, რომელსაც ბევრი ვერ აღიქვამს - გარეთ ბეილი საფეხბურთო სამყაროს დაემშვიდობა

სიტყვა, რომელსაც ბევრი ვერ აღიქვამს - გარეთ ბეილი საფეხბურთო სამყაროს დაემშვიდობა
10-01-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი საღამო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის იმედგაცრუებით, ტკივილით სავსე იყო, რადგან ამ დეკადის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. თუმცა, "მომღიმარმა ბიჭუნამ" ბევრი ლამაზი გოლი, ტკბილი მოგონება და დასამახსოვრებელი მატჩი დაგვიტოვა, რომელიც ჩვენს გონებაში რაიმე განსაკუთრებულის სახით ყოველთვის დარჩება.

ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, ის ყოველთვის დასამახსოვრებელი ფიგურა იყო, რომელმაც ალბათ ბევრს უკმარისობის შეგრძნება დაგვიტოვა. თითქოს, უფრო მაგარი, თავაწეული ფეხბურთელი უნდა გვეხილა, რომელმაც სამწუხაროდ თავისი კარიერა სულ სხვა რაკურსით დაინახა.

სულ სხვაარი ჩვენი ხედვით დანახული ბეილი. ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ბოლო საფეხბურთო წლები, რომელიც მან გამოიარა. მედიის კრიტიკა, სათადარიგო სკამი და შემდეგ ამერიკა, რომელიც დასასრულის დასაწყისი იყო. და მაინც, რა "კვალი" დატოვა ბეილმა? თავისუფლად შეგიძლია უკან შემოიხედო გარეთ, რადგან შენ საკუთარ თავს ხუთი ჩემპიონთა ლიგა (სხვა თასებზე რომ არ ვისაუბრობთ) აჩუქე და ნაკრებს მიეცი საშუალება ამდენი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი ისევ განეცადა.

პირველად გავიგეთ თუ ვინ იყო სინამდვილეში გარეთ ბეილი



2010/11 წლების სეზონი იყო, ჯოზე მოურინიო "ინტერიდან" წასული გახლდათ, თუმცა გუნდის გულშემატკივრებს ვარსკვლავური შემადგენლობის იმედი ჰქონდათ, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფი ნერაძურის ერთი შეხედვით მარტივი გუნდები შეხვდა : ინტერი ; ტოტენჰემი ; ტვენტე და ვერდერი. მთავარი კონკურენტი კი რედნაპის "ტოტენჰემი" იყო, რომელსაც იტალიელები სახლში ფავორიტის რანგში დაუხვდნენ.

პირველ ტაიმში ბენიტესის ბიჭებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და სტუმრებს კარგი დახვედრა ნამდვილად ვერ მოუწყვეს - 4:0, "მამლები" პირველ ნახევარში განადგურდნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მეორე ნახევარში უცნობი ბიჭი, ცნობილი მხოლოდ სისწრაფით მაიკონი და ძანეტის არ მოასვენებდა და ჰეთ-ტრიკს შეასრულებდა. ისე, სამივე იდენტური მომენტი ვიხილეთ, რომელიც ბოლოს გოლით დაგვირგვინდა. მივიდა ბურთი ბეილთან, ახალგაზრდა ფეხბურთელმა წაიღო, სისწრაფეში ყველა ჩამოიტოვა და გაიტანა...

სიტყვა, რომელსაც ბევრი ვერ აღიქვამს - გარეთ ბეილი საფეხბურთო სამყაროს დაემშვიდობა

"მე გარეთ ბეილი ვარ" - უელსელმა საფეხბურთო სამყაროს საკუთარი თავი გააცნო

რა იყო მეორე თამაშში? - იგივე. ბეილმა მაიკონი არც მეორე მატჩში დაინდო და ორჯერ თავის თანაგუნდელებს ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა. 3:1, ტოტენჰემმა და ბეილმა ისტორია დაწერეს.

ამ ცხელი თამაშის შემდეგ, ყველა ბეილზე საუბრობდა, ყველა მის აგენტს ეძებდა, ზარები არ წყდებოდა. "მამლები" მის შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა ასეთი ფეხბურთელი მალევე მოექცა გრანდების "კლანჭებში".

ყველამ იცოდა, რომ ამხელა ტალანტის შენარჩუნება და გალიაში გამოკეტვა ძალზედ რთული იყო. თითქოს, ბეილიც გრძნობდა ამას და მის ბოლო მატჩში გარეთი გულშემატკივრებს ულამაზესი გოლით დაემშვიდობა.


ბეილმა "ტოტენჰემს" მოაგებინა და გეზი ესპანეთისკენ აიღო


გარეთ ბეილის ერა მადრიდის "რეალში"



რთულია ესპანეთში თამაში, განსაკუთრებით ისეთ კლუბში, სადაც დი სტეფანო, ზინედინ ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო უნახავთ. თითქოს, ამ ფეხბურთელების შემდეგ, რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთო, რომ დაგაფასონ და თავიანთ ნაწილად ჩაგთვალონ. ამას ბოლომდე ვერ ვიტყვით, თუმცა ის ნათელია, რომ ალბათ ბერნაბეუზე ბეილის მიმართ სტვენა მეტი იყო, ვიდრე მხურვალე აპლოდისმენტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისი ხასიათის დამსახურებაა, ამიტომ არის გარეთ ბეილი გარეთ ბეილი და არა სხვა.

სამეფო კლუბში ბეილის კარიერას რომ გადახედოთ და ბევრს რომ ჰკითხოთ უელსელის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო მომენტები ჩამომითვალეო, ალბათ ბევრი კოპა დელ რეის ფინალში ბეილის სასწაულს გიხსენებთ, როდესაც მან ბარტრას ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა, დარტყმა, რომელიც ცენტალურ-მცველს არასდროს დაავიწყდება. ძილის დროსაც, ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმრად იქცევა ბარტრას ფიქრებში. ფინალში არ იყო რონალდო, თუმცა იყო ბეილი, რომელმაც "ტოტენჰემში" გატარებული წლები გაიხსენა და საკუთარი სახელი საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ წარმოათქმევინა.


მომენტი, რომელიც ისტორიას დარჩება

ვერ იყო "რეალში" ისეთი, როგორიც თვითონ წარმოედგინა. ვერ იდგა რონალდოზე, მოდრიჩზე ან ბენზემაზე მაღლა, თუმცა ის თავის საქმეს ყოველთვის აკეთებდა. კი არ აკეთებდა, ძერწავდა და ქმნიდა შედევს, ოღონდ განსაკუთრებულ მომენტებს ელოდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი ამის ნათელი მაგალითია, სადაც ბეილმა გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. კი, მეორე გოლის დროს იყო კარიუსის შეცდომა, თუმცა იყო ასევე საოცრება, რომელსაც ალბათ ვერავინ გადაეფარებოდა წინ. გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში, სავიჩევიჩის, ზიდანის, მანჯუკიჩის გოლებთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა.


გარეთმა გუნდს პირადად მოაგებინა მე-13 ჩემპიონთა ლიგის თასი

ამ ზღაპრული მომენტის შემდეგ, უელსელი ისევ გაუჩინარდა, თითქოს დაიღალაო, იმედი დაკარგაო და ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. ხან რამე ხიფათში გაეხვეოდა, ხან სათადარიგო სკამზე იმაიმუნებდა, ხან კიდევ წავიდოდა და გოლფის თამაშით გაერთობოდა. ხსნა პრემიერ-ლიგაში იყო, "ტოტენჰემში" და ძველი მომენტების გახსენებით იქნებ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო, თუმცა არა, ბეილმა დააგვიანა...

თუმცა, ეს სცენარი სანაკრებო დონეზე არ გადასულა. ბეილი ისევ ბეილად დარჩა, გმირად, რომელმაც 1958 წლის შემდეგ, ნაკრები ისევ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ იან რაშის, რაიან გიგზის შემდეგ, ბეილი ამას მოახერხებდა და უელსის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებდა.


უელსი B ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა

როგორც ჩანს ეს იყო საბოლოო დასასრული, დასასრული ზღაპრული ემოციების, მოგებული ტიტულების და საოცრად ჩატარებული მატჩების. ნახვამდის, მე გარეთ ბეილი ვარ...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი