Sky Italia-მ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 'ნაპოლის' პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის საუკეთესო შენაძენად დაასახელა და განაცხადა, რომ სადებიუტო სეზონში ხვიჩაზე კარგად ნეაპოლელთა არცერთ ახალწვეულს არ უასპარეზია.
"ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში ბოლო 3 მატჩი გამოტოვა, პარტენოპეის მაისურით უკვე 8 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს და რაც მთავარია, ფანტასტიკურად თამაშობს. ხვიჩას ასეთი თამაში გვარწმუნებს, რომ ის დე ლაურენტისის საუკეთესო შენაძენია მას მერე, რაც აურელიო გუნდის პრეზიდენტი გახდა.
პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას. მათ შორის, ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც დროს მერტენსი, გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი იყვნენ.