ოქროს ცენტრი | უკანასკნელი ნაბიჯი ფინალამდე » სპორტის ხაზი

ოქროს ცენტრი | უკანასკნელი ნაბიჯი ფინალამდე

ოქროს ცენტრი | უკანასკნელი ნაბიჯი ფინალამდე
13-12-2022, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ლიონელ სკალონის გუნდისთვის მძიმედ დაიწყო. არგენტინელებმა პირველ ტურში მთელი სამყარო შოკში ჩააგდეს და საუდის არაბეთთან წააგეს. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ამერიკული გუნდი პლეი ოფში, მაინც პირველი ადგილით გავიდა.

არგენტინამ 1/8 ფინალური ზღვარი მარტივად გადალახა, სადაც მათ ავსტრალია დაამარცხეს. შესაძლოა, ამ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევდეს, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ მატჩში არგენტინა მეტოქეს ერთიორად აღემატებოდა.

1/4 ფინალში ლუის ვან გაალმა და მისმა ბიჭებმა არგენტინელები და მით უფრო ლეო მესი ძალიან გააბრაზეს - ნიდერლანდებისა და არგენტინის შეხვედრაში 17 ბარათი ვიხილეთ! თითქოს, არგენტინას ნიდერლანდებთან ეს შეხვედრა მარტივად უნდა მოეგო, რადგან ევროპელებს გოლი ბოლო წუთებამდე არ ჰქონდათ გატანილი, თუმცა ვუტ ვეგჰორსტი არსაიდან გამოჩნდა და ნიდერლანდებს პენალტების სერია აჩუქა. მიუხედავად ამ შანსისა, საფეხბურთო ლატარიაში სამხრეთ ამერიკელებმა იმარჯვეს და ხორვატიამდე მივიდნენ.

შედარებით კარგად დაიწყო თავად ხორვატიისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელმაც მუნდიალის კიდევ ერთ ნახევარფინალისტთან, კერძოდ მაროკოსთან უგოლო ფრე ითამაშა. შემდეგ იყო კანადასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება და მორიგი უგოლო ფრე ბელგიასთან.

ხორვატები 1/8 ფინალში იაპონელებს შეხვდნენ და უდიდესი ბრძოლის გადატანა მოუხდათ, სხვანაირად ვერც იქნებოდა, აზიელებმა ხომ ჯგუფში ესპანეთი და გერმანია დაამარცხეს. საბოლოოდ, ხორვატებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გმირი კი მათი მეკარე, ლივაკოვიჩი გახდა.

რაც შეეხება ხორვატიის 1/4 ფინალს, აქ ნამდვილი საოცრება ვიხილეთ - ხორვატიამ ბრაზილია გააგდო! ნეიმარის ულამაზესი გოლის შემდეგ, თითქოს, აღარაფერი მოასწავებდა ზლატკო დალიჩის გუნდის გოლს, თუმცა ევროპელებმა 117-ე წუთზე ბრაზილიის კარი აიღეს, პენალტების სერია წარმატებით დაასრულეს და არგენტინამდე მივიდნენ.

სიახლეები ტრავმის შესახებ:

არგენტინელთა დანაკლისს მხოლოდ ანხელ დი მარია შეადგენს, თუმცა არა სრულს - იუვენტუსის ვარსკვლავს მინდორზე გასვლა შეეძლება, თუმცა, დიდი ალბათობით, მცირე დროით.

ხორვატიაში ტრავმის მხრივ ყველაფერი რიგზეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ ბოლო ორ მატჩში 240 წუთი ითამაშეს და არგენტინელებთან შედარებით, გაცილებით დაღლილები იქნებიან.

სავარაუდო XI-ები:

არგენტინა: მარტინესი | ტალიაფიკო, ლისანდრო, ოტამენდი, რომერო, მოლინა | დე პაული, ფერნანდესი, მაკ ალისტერი | მესი, ალვარესი.

ხორვატია: ლივაკოვიჩი | სოსა, გვარდიოლი, ლოვრენი, იურანოვიჩი | ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი | კრამარიჩი, პასალიჩი, პერისიჩი.

გუნდების ურთიერთშეხვედრები:

არგენტინა და ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ორჯერ შეხვედრილან. პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც არგენტინელებმა ხორვატები ჯგუფურ ეტაპზე 1-0 მაურისიო პინედას გოლით დაამარცხეს. მეორე შეხვედრა კი, ალბათ, ბევრს გემახსოვრებათ. ის 2018 წლით თარიღდება - ისევ ჯგუფური ეტაპი, თუმცა, ამჯერად გამარჯვებული ევროპული მხარეა, 3:0.

საინტერესო ფაქტები:

2018 წელს გამართული შეხვედრიდან, არგენტინის ნაკრებში იმ გუნდიდან 7 ფეხბურთელი შემორჩა, ხორვატიაში კი 8

არგენტინა თუ ფინალში გავა, ეს მათი მე-6 მუნდიალის ფინალი იქნება, ხორვატებისთვის კი მე-2

ხორვატიამ მუნდიალზე პენალტების სერია სულ 4-ჯერ ითამაშა და ყველა მოიგო

არგენტინამ ბოლო 41 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ 1 წააგო

ხორვატიამ მუნდიალის ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წააგო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.