U18 ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ზაზა ფაჩულიას აკადემია დაწინაურდა » სპორტის ხაზი

U18 ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ზაზა ფაჩულიას აკადემია დაწინაურდა

U18 ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ზაზა ფაჩულიას აკადემია დაწინაურდა
გუშინ, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა. რეგულარული ჩემპიონატის 26 მატჩიდან მხოლოდ 1 მარცხის მქონე ალექს არიასის გაწვრთნილმა ზფა-მ თბილისი არენაზე რუსთავს უმასპინძლა და 86:74 (სტატისტიკა) დაამარცხა. სერია 2 მოგებამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზას აკადემიას ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს.

საბოლოო ანგარიშში დიდი სხვაობა არაა, მაგრამ მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით იყო გადაწყვეტილი და ბოლო წუთებზე რუსთაველებმა სხვაობა შეამცირეს. ზფა-მ მესამე პერიოდში გატეხა რუსთავი, როცა 20-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მანამდე კი ქვემოქართლელები კუდში მისდევდნენ მეტოქეს.

მასპინძლები უფრო მრავალფეროვნად, კომბინირებულად თამაშობდნენ. ყველა რგოლში საკმაოდ მძლავრი მოთამაშეები ის დასაყრდენი იყო, რამაც ზფა გამარჯვებამდე მიიყვანა. ზაზას აკადემიელებმა გუნდური თამაშით მოიგეს – ვინმეს გამორჩევა რთულია. სტატისტიკით თუ გამოვარჩევთ, გიორგი ცაგარეიშვილი იყო საუკეთესო, რომელმაც 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, მათე ყავლაშვილმა 12 ქულა და 6 პასი მიითვალა. 15 ქულა ჰქონდა ბაჩო ბლიაძეს, 10 – გიორგი მუშკუდიანს. რუსთაველთაგან საბა შუბლაძემ 19 ქულა მოაგროვა, გიორგი გოგოლაძის ანგარიშზე კი 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

რუსთავი შინაურ კედლებში სერიის გათანაბრებას შეეცდება, თუ ეს ვერ მოახერხა, ზფა ქვემო ქართლში იზეიმებს გამარჯვებას. სერიის მეორე მატჩი რუსთავში 13 ივნისს გაიმართება. თუ საჭირო გახდა, გადამწყვეტ, მე-3 მატჩს თბილისი არენა 16 ივნისს უმასპინძლებს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი