ლეგენდარული ინგლისელი მცველი და ტელეკომენტატორი რიო ფერდინანდი ცოტა ხნის წინ პარიზში იმყოფებოდა, სადაც თავისი YouTube არხისთვის პოდკასტების სერია ჩაწერა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან შედგა, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა თავის კარიერაზე, განვითარებაზე და ახალ გარემოზე პსჟ-ში.
პოდკასტის დასაწყისშივე ფერდინანდმა აღნიშნა, რომ ხვიჩა თავისი თამაშის სტილით ლეგენდარული კრის უოდლის სტილთან ასოცირდება. კითხვაზე, ვინ იყო ის მოთამაშე, რომლისგანაც ყველაზე მეტად სწავლობდა, კვარამ თქვა, რომ ეს კრიშტიანუ რონალდუა.
ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია მომენტი, როცა კვარაცხელია ფოკუსს ლუის ენრიკეს ტაქტიკურ ხედვაზე აკეთებს და ამბობს, რომ იგი "პსჟ-ის" ფეხბურთელებისგან დაცვაში თამაშს, შეტევასთან ერთად, ასევე მკაცრად ითხოვს:
"ენრიკესთვის შეტევა მნიშვნელოვანია, მაგრამ დაცვაში თამაშიც აუცილებელია. დღესდღეობით ყველა უტევს და თავს იცავს – თუ დაცვაში ცუდად თამაშობ, მოგება რთულია."
ტაქტიკური წინსვლა კონტეს გავლენით
ხვიჩამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაპოლიში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მისი ტაქტიკური მომზადება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:
"ადრე დაცვაში კარგად ვერ ვთამაშობდი. კონტესთან ბევრს ვმუშაობდით ტაქტიკაზე და დაცვაზე. ვცდილობ, გავუმჯობესო ეს ასპექტი. ადრე მცველებს ვერ ვეხმარებოდი, ახლა ვფიქრობ, ეს უკეთ გამომდის.“
ფიზიკური მზადყოფნის მნიშვნელობა
კვარაცხელიას თქმით, თანამედროვე ფეხბურთში შედეგიანობის ერთ-ერთი გასაღები ფიზიკური მზადყოფნაა:
"შეიძლება გუნდს დახმარება გინდოდეს, მაგრამ თუ ენერგია არ გაქვს, ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში ვერ იქნები სასარგებლო."
- უთხრა ქართველმა ფერდინანდს.