პირველი ლიგა | "გორი" დიდ ფინალში ითამაშებს » სპორტის ხაზი

პირველი ლიგა | "გორი" დიდ ფინალში ითამაშებს

პირველი ლიგა | "გორი" დიდ ფინალში ითამაშებს
18-05-2025, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

პირველი ლიგის პლეი ოფი დამაგვირგვინებელ სტადიას მიუახლოვდა. უქმეებზე შესარჩევი და გასავარდნი ფინალები გაიმართა, რამაც ლიგის დიდი ფინალის პირველი ფინალისტი და წინასწარი ფინალის მონაწილენი გამოავლინა.

გორის ბუნებრივსაფარიანმა რაგბის არენამ ‘გორი’-‘ვეფხვების’ შესარჩევ ფინალს უმასპინძლა. შიდა ქართლელებმა რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი დაიკავეს და მოედნის უპირატესობით სარგებლობდნენ. გორელებმა ცხრილში მე-2 ადგილზე გასულ გარე კახელებს 15 ქულით გაუსწრეს. ისიც აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის მეტოქეთა ორივე რკენა გორელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (40:17 და 25:12) დამთავრდა.

აღმოსავლური დერბის მე-3 შეხვედრაც გორელთა დომინაციით გამოირჩა. მასპინძლები სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ და ხელდახელ თამაშში მოპოვებულ უპირატესობას გატანილი ლელოთი ხშირად აგვირგვინებდნენ. პირველ ტაიმში ‘გორმა’ 3 ლელო (ფიჯელი შუამარბი აპიმელეკი ნამბოლენგა, მღლეტელი ლადო გოგოლიძე და ფიჯელი ფრთა ჯაბულანი მკულვანი) გაიტანა, გარე კახელები კი მღლეტელ ირაკლი ხიდეშელის ეულ გარდაუსახავ ლელოს დააჯერა. შესვენებაზე გიორგი ჭინჭარაულის შეგირდები 18 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 23:5.

მეორე ტაიმში გორელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ნამბოლენგამ და მკულვანმა „დუბლი“ გაიფორმეს, თითო ლელო კი აქტივში მასპინძელთა მარბიელმა ნიკა წივწივაძემ და მარქაფადან ჩართულმა მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა ჩაიწერეს. ‘ვეფხვების’ მხრიდან ხიდეშელმა „დუბლი“ შეასრულა და ლელოს გატანა მისმა ჰავბეკმა თანაგუნდელმა გოგა მინდიაშვილმაც მოახერხა. გარე კახელები სამივე გაცუდებული გარდასახვის გამო 15 სამატჩო ქულას დაჯერდნენ, გორელების საერთო მონაგარმა კი 54 ქულა შეადგინა. ‘გორმა’ 54:15 მოიგო და დიდ ფინალს პირველმა უწია. ‘ვეფხვები’ კი ლიგის სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობის უფლების მოპოვებას უკვე წინასწარი ფინალიდან ეცდება.

‘წიქარა’-‘რუსთავის’ გასავარდნი ფინალი ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. ‘წიქარამ’ რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე ჩაამთავრა, ქვემო ქართლელებს ცხრილში 2 საფეხურით გაუსწრო და მოედნის უპირატესობაც ირგუნა. ჯგუფურ ეტაპზე ‘წიქარამ’ ‘რუსთავი’ უშანსოდ დატოვა და მეტოქეს ორივე მატჩი პრემიალური ქულების თანხლებით (55:17 და 41:22) მოუგო.

გასავარდნი ფინალის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. რუსთაველთა ვეტერანი ბორჯღალოსანის რამაზ ხარაზიშვილის 3 გატანილ ჯარიმას, ‘წიქარას’ მარბიელმა რევაზ ბორაშვილმა დადებული ლელო დაუპირისპირა. ‘წიქარას’ მგეზავ გიორგი ასათიანის ზუსტმა გარდასახვამ და გატანილმა ჯარიმამ ბექა სხულუხიას შეგირდებს ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა - 10:9.

მეორე ტაიმში ‘წიქარას’ უპირატესობა გამოიკვეთა, რაც მასპინძელთა მხრიდან შეხვედრის მიწურულამდე მიჯრით დადებულ 3 უპასუხო ლელოში აისახა. თავი ჯერ ფიჯელმა შუამარბმა ჯუტასა ნავემ გამოიჩინა, რასაც მარქაფადან ჩართული ‘წიქარას’ კიდევ ერთი შუამარბის გიორგი კურტანიძის შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულმა რუსთაველთა ფულბეკმა ფრიდონ კილაძემ პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა. ‘წიქარამ’ მატჩი დამაჯერებლად - 34:17 მოიგო და წინასწარ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მომავალ უქმეებზე ‘ვეფხვები’-‘წიქარას’ წინასწარი ფინალი გაიმართება, რომლის გამარჯვებული დიდ ფინალში, 31 მაისს ‘გორს’ დაუპირისპირდება. რეგულარულ სეზონში დაკავებული უკეთესი ადგილის გამო, გარე კახელები ‘წიქარასთან’ წინასწარ ფინალში მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ‘ვეფხვებმა’ ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრაში ‘წიქარას’ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი