გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ ფრანგული გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულია „ბორუსია დორტმუნდის“ თავდამსხმელ სერუ გირასის დამატებით. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის გვინელი ფორვარდის ტრანსფერზე ინიციატივა უშუალოდ ლუის ენრიკესგან მოდის – ესპანელ მწვრთნელს გირასი თავისი შეტევითი სქემისთვის მნიშვნელოვან ფიგურად მიაჩნია.
გირასის კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა — 70 მილიონი ევრო, თუმცა ეს ღირებულება მოქმედებს მხოლოდ გარკვეული კლუბებისთვის, როგორიცაა „რეალი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერის“ ორივე წარმომადგენელი. პსჟ ამ სიაში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ პარიზელებს შესაძლოა სხვა გზით მოუწიოთ მოლაპარაკება.
თავად გირასი კლუბის შეცვლას არ განიხილავს, რადგან „დორტმუნდში“ მხოლოდ გასული ზაფხულით გადავიდა „შტუტგარტიდან“. თუმცა, „ბორუსია“ მზად იქნება ფეხბურთელის გაყიდვისთვის იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
მიმდინარე სეზონში გვინელმა თავდამსხმელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა – მან ყველა ტურნირზე 44 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.