ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ფუტსალის თასის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ფუტსალის თასის გამარჯვებულია

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ფუტსალის თასის გამარჯვებულია
8-05-2025, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

დამაჯერებელი მოგება აწსუ-სთან (5:1), კსუ-სთან (3:3) და არმიასთან (1:1) ფრეები და ორივეჯერ პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება - ფუტსალის თასის ფინალამდე, დინამო თბილისმა ეს რთული გზა გაიარა. ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა 1/8-ფინალში პსპ-ს 4:2 სძლია, 1/4-ფინალში ბსსა 11:2 გააცამტვერა, ნახევარფინალში კი თსუ 9:4 დაჯაბნა. შედეგად, თასის ფინალში ორი გამარჯვების შემდეგ, ნიუ ვიჟენი მესამედ გავიდა ფინალში, სადაც მეტოქედ დინამო თბილისი ჰყავდა, რომელიც ფინალში პირველად მოხვდა.

სხვათა შორის, რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში, 3 მაისის მატჩში, ჯორჯიანსელებმა დინამოელებს მოუგეს (6:2), ისევე როგორც ჩემპიონატის წინა ორივე შეხვედრა (6:4, 8:1). მოკლედ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გარდა, ნიუ ვიჟენს ფინალამდე 14-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ფინალშიც არ აპირებდა ამ ტრიუმფალური სვლის შეწყვეტას. მით უმეტეს, ფუტსალის თასი ნიუ ვიჟენმა შარშან დაიბრუნა და ბუნებრივია, არავის დაუთმობდა.

ანგარიშში სხვაობის მიუხედავად, ფუტსალის თასის ფინალი საინტერესოდ წარიმართა. ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი დინამოელებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მალევე ჯორჯიანსელებმა იძალეს და ტაიმის მეორე ნახევარში ეს შედეგშიც აისახა. მე-14 წუთზე ვახტანგ კეკელიამ ორი მეტოქე დაჯაბნა, მესამე დაასწრო და ანგარიში გახსნა, 1:0. ორ წუთში თოფურიას პასით, რეგულარული სეზონის ბომბარდირმა იტალო ფსილიომ სხვაობა გააორმაგა, 2:0. მატჩის მეორე ნახევარი ფსილიოს ორი სწრაფი გოლით დაიწყო და ნიუ ვიჟენმა ფორა სოლიდური გახადა, 4:0. ფსილიოს ჰეთ თრიკს, ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეაშველა. დინამოდან ლაშა-გიორგი ობოლაძემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, 6:1. მატჩის ბოლოს, დავით ხეჩიკაშვილმა და ლაშა კურტანიძემ თითო გოლი გაიტანეს. შედეგად, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის ტრიუმფი შედგა, ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა 8:1 მოიგეს და მესამედ მოიპოვეს ფუტსალის თასი.

ფუტსალის ლიგა ორშაბათს 12 მაისს განახლდება. ფლეი ოფის ნახევარფინალური სეზონის პირველ მატჩში ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი პსპ-ს, კსუ კი არმიას ეთამაშება. მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, ქვედა ოთხეულის გუნდები 6 ტურში გააგრძელებენ ბრძოლას. ექვსიდან პირველი ტურის მატჩები, ფლეო ოფის შეხვედრების პარალელურად გაიმართება, რომელშიც თსუ ბეტის თბილისს ეთამაშება, დინამო თბილისი კი UG-წალენჯიხას.

geofutsal


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი