ორივე კვარტეტი გარკვეულია | უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა » სპორტის ხაზი

ორივე კვარტეტი გარკვეულია | უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა

ორივე კვარტეტი გარკვეულია | უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა
5-05-2025, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ფუტსალის უმთავრეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. დასკვნითმა ტურმა ზედა და ქვედა კვარტეტების შემადგელობები გაარკვია. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, უშუალო კონკურენტ თსუ-სთან გამარჯვების შემდეგ, პსპ-მ მოპოვებული ფორა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. შესაბამისად, ფლეი ოფის ნახევარფინალში ფინალური საგზურისთვის - ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი პსპ-ს დაუპირისპირდება, კსუ კი არმიას შეეჭიდება...

თსუ, დინამო თბილისი, UG-წალენჯიხა, ბეტის თბილისი - ეს ქვედა კვარტეტი ორ წრედ, 6 ტურში იასპარეზებს. ამ ოთხეულიდან ბოლო ადგილზე გასული გუნდი, ქვედა ლიგის ჩემპიონს გაუცვლის ადგილს და ფუტსალის უმთავრეს ლიგას დაემშვიდობება. ბოლოსწინა ადგილოსანი ქვედა ლიგის მე-2 ადგილზე გასულს, პლეი აუტში შეეჭიდება. ოთხიდან პირველ-მეორეზე გასული გუნდები, ახალ სეზონში კვლავ რჩეულთა ლიგაში იასპარეზებენ... ამ და სხვა ბატალიებს მომავალში ვიხილავთ, მანამდე კი ბოლო ტური მიმოვიხილოთ.

ახალბედა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბეტის თბილისთან, პსპ-მ მესამედაც იმარჯვა, თანაც იმავე შედეგით, როგორც მე-14 ტურში, 0:7. ნიკოლოზ კოპლატაძემ და გიორგი გაზდელიანმა დუბლები გაიფორმეს. იგივე შეეძლო, მირიან მირგატიასაც, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. მირგატიას მსგავსაც თითო ბურთი გაიტანეს ნიკოლოზ კურტანიძემ და ლევან გუგუციძემ. რეგულარული სეზონი პსპ- 29 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ბეტის თბილისი 6 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ფლეი აუტში გააგრძელებს ბრძოლას.

ბოლო ტურში პსპ-ს გამარჯვების შემდეგ, თსუ-სთვის არმიასთან მოგება ვეღარაფერს შეცვლიდა, მაგრამ სტუდენტებმა სეზონი რიხიან ნოტაზე დაასრულეს და არმიელებს 7:5 სძლიეს. თსუ-დან რომან კუხიანიძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, გიორგი ხაბალაევმა დუბლი გაიფორმა, ალექსი ტკაჩოვმა და ლაშა ერქომაიშვილმა თითო ბურთი გაიტანეს. არმიელთაგან გიორგი ქურდაძემ დუბლი გაახერხა. შაკო ცირამუამ, ლაშა ფოფხაძემ და გიორგი სილაგავამ თითო გოლი მიითვალეს. არმია 39 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფლეი ოფში მეორეადგილოსან კსუ-ს ეთამაშება. თსუ კი ფლეი აუტში იბრძოლებს.

კსუ-მ UG-წალენჯიხასთან 5:0 იმარჯვა. გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი გაიფორმა, ჯანიკო გიორგაიამ, ნოდარ ქურცაძემ და საბა ტყეშელაშვილმა თითო გოლის ავტორობა იკმარეს. კსუ 43 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ფინალის საგზურისთვის არმიას შეეჭიდება. წალენჯიხელები კი ლიგაში დარჩენისთვის, 6-ტურიან ფლეი აუტში იასპარეზებენ.

რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის ბოლო მატჩში, დინამო თბილისი, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსს დაუპირისპირდა. ფუტსალის თასის ფინალშიც ეს გუნდები შეერკინებიან, მაგრამ ფინალი ალბათ უფრო ცხარე და დაძაბული იქნება. ამჯერად კი ჯორჯიანსელებმა დამაჯერებლად, 2:6 იმარჯვეს. ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ჰეთ თრიკი გაიფორმა, ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი მიითვალა, ერთიც ირაკლი თოდუამ შეაგდო. დინამოდან თეიმურაზ ექიზაშვილმა და ალექსანდრე ცირეკიძემ თითო ბურთი გაიტანეს. ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა 55 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა სეზონი. დინამო თბილისი 19 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.

ბოლოსთვის ბომბარდირებზეც ვთქვათ, 41 გატანილი ბურთით ფუტსალის ლიგის ბომბარდირი იტალო ფსილიო გახდა, რომელმაც გასული სეზონის ბომბარდირის რეკორდი ერთბაშად 11 გოლით გააუმჯობესა. მეორე და მესამე ადგილზე შესაბამისად, არმიელი შაკო ცირამუა (26 გოლი) და ჯორჯიანსელი ნიკოლოზ გაბრიჩიძე (24 გოლი) გავიდნენ. საგულისხმოა მეკარეთა გოლების რაოდენობაც. აქ კავკასიელთა კიპერი ალი ასლანი 4 გოლით ლიდერობს. 3-3 გოლი გაიტანეს პსპ-ს გოლკიპერმა ნიკოლოზ ფხაკაძემ და არმიელთა მეკარე ვახტანგ ტერუნაშვილმა.

geofutsal


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი