ბოლო კვირების განმავლობაში თურქულ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევი ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა ზაფხულში სტამბოლის გრანდ "ბეშიქთაშს" შეუერთდეს. თუმცა, თურქული სპორტული გამოცემა 90+ Goal-ი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
წყაროს ინფორმაციით, "ბეშიქთაშს" ამ ეტაპზე არც ფეხბურთელთან და არც მის ამჟამინდელ კლუბთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, რაც უკვე არსებულ მოლოდინებს და ტრანსფერის შესახებ სპეკულაციებს საფუძველს ართმევს.
რაც შეეხება დავითაშვილის მიმდინარე სეზონს, 24 წლის ქართველი თავდამსხმელი "სენტ ეტიენში" გამორჩეული ფიგურაა. მისი კლუბი ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. გადამწყვეტ მატჩში გუნდს "ტულუზასთან" გამარჯვება ესაჭიროება, რაც პლეი-ოფში გასვლის შანსს მისცემს.
დავითაშვილი ლიგა 1-ში დარჩენისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებს და მისი სამომავლო ტრანსფერის საკითხი, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება.