დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი გამორჩეული ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს, მიზანი კი მათ გუნდებს განსხვავებული აქვთ.
კვარას პსჟ უკვე ჩემპიონია და გუნდზე ყველანაირი წნეხი მოხსნილია. 22:45-ზე პარიზელები ნანტის წინააღმდეგ გასვლაზე ითამაშებენ და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. ლუის ენრიკეს გუნდის მთავარი გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და არსენალია, რომლამდეც პსჟ-ს ლიგა 1-ში ორი შეხვედრის გამართვა მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი კი დღეს შედგება. სავარაუდოდ, ნანტის წინააღმდეგ ენრიკე თამაშში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს, რაც პარი სენ-ჟერმენს შემდგომში არსენალის წინააღმდეგ უნდა გამოადგეს.
გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს, კონფერენს ლიგის პოზიციამდე კი 'ღამურებს' 5 ქულა აშორებთ. ვალენსია ესპანიოლს 21:00 საათზე დაუხვდება და 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის კიდევ უფრო გახანგრძლივებას შეეცდება. ლა ლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და მამარდაშვილის გუნდი დაზღვეული ჯერ არაფრისგან არ არის. ამდენად, დღეს ვალენსიელები მინდორზე მოტივაციის ნაკლებობით ნამდვილად არ გავლენ.