გჟეგოჟ ლატოდან რობერტ ლევანდოვსკიმდე | განმეორდება 1982? » სპორტის ხაზი

გჟეგოჟ ლატოდან რობერტ ლევანდოვსკიმდე | განმეორდება 1982?

გჟეგოჟ ლატოდან რობერტ ლევანდოვსკიმდე | განმეორდება 1982?
4-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

შორეული 1966 წლიდან, მაშინ, როდესაც ინგლისი სანაკრებო ტიტულს პირველად დაეუფლა, მას შემდეგ დღევანდელი 1/8 ფინალის მეტოქეები, პოლონეთი და საფრანგეთი ისტორიაში ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან კი, მათ მუნდიალის ეგიდით ერთადერთი შეხვედრა გამართეს, რომელსაც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე მივყავართ.

1982 წლის მუნდიალზე პლატინის საფრანგეთი, რუმენიგეს გერმანია, სოკრატესის ბრაზილია და კიდევ არაერთი გამორჩეული ნაკრები მონაწილეობდა და ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გჟეგოჟ ლატო და მისი პოლონეთის ნაკრები გააღწევდა, რომელსაც ფინალამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა დააკლდა.

პოლონელებმა ჯგუფური ეტაპის საწყისი სტადიიდან პირველი ადგილით გააღწიეს, სადაც მათ იტალია, კამერუნი და პერუ ჩამოიტოვეს, ხოლო მეორე სტადიაზე, სადაც ჯგუფი 4 გუნდიდან 3 ნაკრებამდე დავიდა, პოლონეთმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბელგიასთან დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, პოლონეთი იმ საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა, სადაც ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია და დარასელია თამაშობდნენ, ის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და პოლონელებმა მუნდიალის 1/2 ფინალში გოლების უკეთესი შეფარდებით გააღწიეს.

1982 წლის 14 ივნისიდან 8 ივლისამდე - ეს ის პერიოდია, რა დროშიც პოლონეთი იტალიას ორჯერ შეხვდა. მართალია, პირველ ჯერზე პოლონელებმა იტალიელებს ჯგუფის პირველი ადგილი არ დაუთმეს, მაგრამ უკვე 1/2 ფინალში იტალიელებმა მეტოქე პაოლო როსის დუბლით 0-2 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ, სადაც, საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულს გერმანიასთან 3-1 გამარჯვების შემდეგ დაეუფლნენ.

ცხადია, მაშინდელ პოლონურ გაზეთებში, სხვადასხვა გამოცემებში იწერებოდა, რომ პოლონელებმა თავიანთი საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგეს, თუმცა ამით ყველაფერი დასრულებული ნამდვილად არ იყო, რადგან მათ, წინ კიდევ მესამე ადგილისთვის ბრძოლა და მიშელ პლატინის საფრანგეთი ელოდათ.

რა თქმა უნდა, ყველა ნაკრებისთვის რთულია წააგო 1/2 ფინალი, შემდეგ კი მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო, მაგრამ ისეთი გუნდები, რომლებიც მუნდიალის უკანასკნელ ფაზაში ყოფნითა და თამაშით ხშირად ვერ ნებივრობენ და უნდა ითქვას, რომ პოლონეთი სწორედ ასეთია, მათთვის მესამე ადგილი და ტურნირის პრესტიჟულად დასრულება ცხადია, რომ ყოველთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

სწორედ ასე, დღევანდელი 1/8 ფინალის მეტოქეები, საფრანგეთი და პოლონეთი 1982 წლის 10 ივლისს ესტადიო ხოსე რიკო პერესზე ერთმანეთს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ და უნდა ითქვას, რომ ამავე ნაკრებების ერთადერთ შეხვედრაში გამარჯვება არა პლატინის და კომპანიას, არამედ ლატოს და მის პოლონეთს დარჩათ - 3:2.

პოლონეთის ისტორიის ყველა დროის ბომბარდირების სიის მესამე ფეხბურთელმა, გჟეგოჟ ლატომ (42 გოლი) 1982 წლის მუნდიალზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც მაშინ, როდესაც პოლონეთმა პერუ 5:1 გაანადგურა. ცნობისთის, 2022 წლის სამუნდიალო თავგადასავალში, პოლონეთის უპირობო ლიდერსა და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს, რობერტ ლევანდოვსკისაც მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი ამ მხრივ, მსგავსება ნამდვილად ჩანს.

მოკლედ, საფრანგეთისა და პოლონეთის სამუნდიალო ერთადერთი შეხვედრა პოლონელების გამარჯვებით დასრულდა, ამიტომ ფრანგებს რევანში აქვთ ასაღები. დღევანდელი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და ცხადია, უპირობო ფავორიტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დიდიე დეშამის გუნდია, რომელიც კილიან მბაპეს სახით აბსოლუტურ ჯოკერს ფლობს, თუმცა რამდენად ლოგიკურად წარიმართება აღნიშნული 1/8 ფინალი, ამას ყველა ერთად რამდენიმე საათში ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ისტორიას უკვე ახსოვს ისეთი შემთხვევა, სადაც მნიშვნელოვან ბრძოლაში პოლონელებმა ფრანგები სახლში დამარცხებულები გაუშვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი