თუკი მოქმედ ჩემპიონ ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტთან ფაქტორის გამო, სტუდენტურ გუნდად ჩავთვლით, მაშინ ფუტსალის უმთავრესი ლიგის მე-17 ტურის ოთხივე მატჩი სტუდენტებმა მოიგეს. ამიტომაც ამ ტურს, სტუდენ-ტური ვუწოდეთ. ნიუ ვიჟენის, კსუ-ს და UG-წალენჯიხას მოგებული მატჩების გარდა, თსუ-მ რეკორდული გამარჯვება მოიპოვა. 14-გოლიანი სხვაობა მიმდინარე სეზონში ჯერ არ დაფიქსირებულა და ბუნებრივია ეს რეკორდია...ახლა კი ყოველივეს დეტალურად მივყვეთ.
პსპ-ს ამ სეზონის ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა UG-წალენჯიხასთან და ბუნებრივია იყო მოლოდინი, რომ ფარმაცევტები სტუდენტებს ამჯერადაც სძლევდნენ. მით უმეტეს, პსპ-მ მოწინავე ოთხეულში ადგილი დაკარგა (ამ თამაშამდე მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა მეოთხეზე მყოფ თსუ-ს) და ელიტურ კვარტეტში დაბრუნებას ესწრაფვის. თამაში კარგ ტემპში, მაგრამ მეტოქეებისთვის მძიმედ დაიწყო. ტაიმის ნახევარი უგოლოდ გაილია. პსპ-მ მე-11 წუთზე პენალტით შეძლო დაწინაურება, ანგარიში ლევან სვანიძემ გახსნა, 1:0. წალენჯიხელებმა დაცვიდან თამაში გააგრძელეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და ფარმაცევტებს 3 წუთში უპასუხეს. მე-14 წუთზე ზურაბ ღვინჯილიამ მწვავე კონტრშეტევა წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა, 1:1. მეორე ნახევარშიც იგივე სურათი გაგრძელდა - პსპ უტევდა, სტუდენტები საიმედოდ იცავდნენ კარს, მეტოქეს მწვავე კონტრშეტევებით აწუხებდნენ და მათ შედეგიც მოიმკეს, თანაც ორჯერ - 28-ე წუთზე გურამ ჩალიგავამ წალენჯიხელები წინ გაიყვანა, 1:2. კიდევ 5 წუთში ნიკა ხარჩილავამ მეტოქეს ბურთი მოპარა და ფორა გააორმაგა, 1:3. რა თქმა უნდა, ფარმაცევტებმა ქამბექი ჩაიფიქრეს, მაგრამ ეს ვერ შეეძლეს. ერთადეთი რაც, მოახერხეს, 37-ე წუთზე ლევან სვანიძემ მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (2:3). მრისხანე პსპ-სთან გამარჯვებით, UG-წალენჯიხა სენსაციის ავტორად მოგვევლინა. მათ 8 ქულა დაუგროვდათ, მე-7 ადგილზე აინაცვლეს და მე-6 საფეხურზე მყოფ დინამოს 4 ქულით ჩამორჩებიან.
კსუ-მ ამ სეზონში ორჯერ (3:2 და 3:1) სძლია დინამო თბილისს, მაგრამ გამარჯვება ამჯერადაც გაუჭირდა. მეტოქეები სტარტის გარდა შუა ტაიმშიც ფრთხილობდნენ და ამიტომაც შესვენებამდე ერთადერთი გოლი გავიდა - მე-18 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ პენატით გახსნა ანგარიში, 1:0. მეორე ტაიმი კი უხვგოლიანი გამოდგა. 23-ე წუთზე ექიზაშვილის გამჭოლი პასით ლაშა-გიორგი ობოლაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობა აღადგინა, 1:1. კავკასიელებმა მეკარიანად შეუტიეს და 25-ე წუთზე ნოდარ ქურცაძემ სტუდენტები წინ გაიყვანა, 2:1. ახლა უკვე დინამომ შეუტია მეკარის თანხლებით და ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსიც ჰქონდა მაგრამ 29-ე წუთზე გიგა ლაგაზაშვილის პენალტი, კსუ-ს მეკარე ალი ასლანმა მოიგერია. კავკასიელებმა ვერგატანილი პენალტის გამო, მეტოქე მალევე დასაჯეს - 30-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ნიკა მანგოშვილმა გოლით დააგვირგინა, 3:1. დინამოელები წონასწორობის აღდგენას შეეცადნენ და ეს შეძლეს კიდეც, 35-ე წუთზე ლაშა-გიორგი ობოლაძემ კიდევ ორი გაიტანა, ამ მატჩში ჰეთ თრიკი გაიფორმა და ბომბარდირთა ცხრილში მეხუთე-მეშვიდე აინაცვლა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა (3:3), მაგრამ სტუდენტებმა მაინც იძალეს. ზურაბ ლუკავასა და ნოდარ ქურცაძის თითო გოლით კსუ-მ 5:3 მოიგო და მეორე ადგილზე გამაგრდა.
მიმდინარე სეზონში, ამ მეტოქეთა პირველი შეხვედრა ფრედ (3:3) დასრულდა, მეორეში კი არმიელებმა (2:5) იმარჯვეს. შესაბამისად, ჯორჯიანსელებს რევანში სწყუროდათ და ეს ბრაზილიელთა გოლებით შეძლეს კიდეც. თამაში, რომელიც ტურის ცენტრალურ მატჩად იყო მიჩნეული, ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო და მე-7 წუთზე ვილიან სოუზამ ანგარიში გახსნა, 0:1. ორიოდე წუთში სოუზამ საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა და ფორა გააორმაგა, 0:2. არმიამ მეკარიანად შეუტია და ტაიმის მეორე ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ნიუ ვიჟენმა საიმედოდ დაიცვა კარი და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ტაიმი ჯორჯიანსელთა აქტიურობით დაიწყო და 27-ე წუთზე იტალო ფსილიომ სხვაობა სოლიდური გახადა, 0:3. არმიელებს თამაშის გადასარჩენად 13 წუთი ჰქონდათ, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 31-ე წუთზე ნუკრი ჭუმბურიძის გატანილი გოლით, ტაბლოზე საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ჯორჯიანსელებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს და მდევარ კსუ-სთან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. ამ მარცხის შედეგად, არმია მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ მეორეზე მყოფ კავკასიელებს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
თსუ-მ ამ სეზონში 14 ბურთიანი მშრალი სხვაობით იმარჯვა და რეკორდი დაამყარა. სტუდენტებმა ახალბედა მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ბეტის თბილისს შანსი არ დაუტოვეს, პირველში 5, ხოლო მეორე ტაიმში კი 9 ბურთი გაუტანეს. ლუკა ელიზბარაშვილმა, მელტონ ახალაიამ და ნიკოლოზ ბოლქვაძემ დუბლები გაიფორმეს. ლაშა ერქომაიშვილმა, ნოდარ ქურცაძემ, ალექსანდრე ორაგველიძემ, სანდრო ღარიბოვმა, გიორგი აფციაურმა, გიორგი ხაბალაევმა, ალექსი ტკაჩოვმა და რომან კუხიანიძემ კი თითო გოლი გაიტანეს. თსუ 26 ქულით მეოთხე საფეხურზეა და პსპ-ს უკვე 4 ქულით უსწრებს.
geofutsal