ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქეებს დღეს შევიტყობთ | წილისყრის პროცედურის შესახებ » სპორტის ხაზი

ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქეებს დღეს შევიტყობთ | წილისყრის პროცედურის შესახებ

ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქეებს დღეს შევიტყობთ | წილისყრის პროცედურის შესახებ
27-03-2025, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრაა – კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. დღეს შევიტყობთ თუ რომელ ქვეყანაში მოხვდება საქართველოს ნაკრები და რომელი 5 ქვეყანა იქნება ჩვენი მეტოქე.

აღვნიშნოთ, რომ უკვე მეოთხე (აქამდე 2015, 2017, 2022 წლებში) ევრობასკეტია, ტურნირი 4 ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში და მომდევნო ეტაპზე გასული 16 გუნდი იკრიბება ოთხიდან რომელიმე ქვეყანაში და პლეი ოფის სისტემით გრძელდება პრიზიორების გამოვლენა. ასეა ახლაც: ევრობასკეტ 2025-ის პირველი ეტაპის ჯგუფები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ეს 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.

ჩამოთვლილი 4 ქვეყნიდან საქართველოს ნაკრები მხოლოდ ფინეთში ვერ მოხვდება, ხოლო პოლონეთში, ლატვიასა და კვიპროსში მოხვედრის შანსები ამ მომენტისთვის თანაბარია. ფინეთი რატომ გამოირიცხა? ეს იმ განთესვის გამოა, რომელიც ევრობასკეტის ორგანიზატორმა ფიბა-მ თებერვალში გამოაქვეყნა. ტურნირის მონაწილე 24 ნაკრები წილისყრისთვის NIKE-ის მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად 6 კალათაში განთესა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევრობასკეტის თითო ჯგუფი შედგება ამ 6 კალიდან გამოსული თითო გუნდისგან. საქართველო NIKE-ის ევროპულ რეიტინგში მე-14 გახლდათ და შესაბამისად, მე-4 კალათაში მოხვდა. ამავე კალათაში საქართველოსთან, თურქეთთან და ისრაელთან ერთად არის ფინეთიც, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ტრიო სკანდინავიურ ჯგუფში ვერ მოხვდება.

მეორე მთავარი მომენტი, რომელიც წილისყრის წინ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ თითოეულმა მასპინძელმა ქვეყანამ აირჩია პარტნიორი ნაკრები: ლატვიამ – ესტონეთი (A ჯგუფი), ფინეთმა – ლიეტუვა (B ჯგუფი), კვიპროსმა – საბერძნეთი (C ჯგუფი) და პოლონეთმა – ისლანდია (D ჯგუფი).

არის რამდენიმე აკრძალვა, რომელიც პროცედურული პრინციპებიდან გამომდინარეობს და ასევე ფიბა-ს ბორდის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება: თურქეთის ნაკრები კვიპროსის ჯგუფში ვერ მოხვდება. თურქეთი, მოგეხსენებათ, ჩვენთან ერთად მე-4 კალათაშია განთესილი და წილისყრის დროს თუ ჩვენამდე ამოიღებენ დოლურადან, კვიპროსში ვერ წავა, რაც საქართველოს ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

ეს განმარტება უბრალოდ, შანსების განსაზღვრისთვის მოვიყვანეთ, თორემ კვიპროსში მოხვედრა იქნება საქართველოსთვის კარგი თუ პოლონეთში, ანაც ლატვიაში, ვერავინ იტყვის. ყველა ჯგუფს აქვს თავისი პლუსი და თავისთავად, მინუსიც. ასე რომ, რომელი ქვეყნის ჯგუფშიც გინდა მოხვდეს, საქართველოს ნაკრებისთვის მიზანი უმაღლესი შედეგის მიღწევა იქნება. საქართველო ზედიზედ მეექვსედ არის ევრობასკეტზე, რაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და თუკი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის ახლანდელ შემადგენლობას გადავხედავთ, ჩვენი ნაკრების მიზანი არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პლეი ოფში ხმამაღალი სიტყვის თქმაც უნდა იყოს.

ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ფინალი 14 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. სწორედ რიგაშია დღეს ევრობასკეტის წილისყრაც, რომელიც ქალაქის ცირკის შენობაში, თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება. მისი პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ ქვემოთ წარმოდგენილ ფიბა-ს Youtube-ის ოფიციალურ არხზე.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი