პირველ ლიგაში უქმეებზე 3 გადადებული შეხვედრა გაიმართა, რის შემდგომ ‘წიქარამ’ და ‘ვეფხვებმა’ მოწინავე სამეულში პოზიცია გაიმყარეს. მე-2 ადგილზე მყოფმა ‘წიქარამ’ 51 ქულა დააგროვა და ლიდერ ‘გორთან’ ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა. ‘ვეფხვები’ კი 47 ქულით მესამე პოზიციაზეა და მოწინავე კვარტეტში მყოფ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ 8 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართელელბსა და იმერლებს, დედაქალაქალებსა და გარე კახელებზე 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
პლეი ოფის ზონაში მყოფმა ‘ლოკომოტივმა’ 33 ქულით მე-6 პოზიცია გაიმყარა, მე-5 ადგილზე მყოფ ‘რუსთავთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მდევარ ‘მათესთან’ უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ზემო იმერლებს მარაგში კიდევ 1 გადადებული შეხვედრა რჩებათ გასამართი.
პირველობის აუტსაიდერ ‘აკადემია-ლაშარის’ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. 4 ქულის მქონე „მხატვრებს“ ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევად დარჩენილ შეხვედრებში სულ მცირე 3 მოგება მართებთ და თან უშუალო კონკურენტი გურულებიც უნდა დაამარცხონ. ‘აკადემია’ პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘არწივებს’ 9 ქულით ჩამორჩება და გურულებთან დაპირისპირება დასკვნით ტურში სტუმრად მოუწევს.
ოზურგეთის ‘არწივებმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ფოთის „პარკი არენაზე“ უმასპინძლა. პირველი ტაიმი უაღრესად დაძაბული გამოდგა. გარე კახელთა მარბიელი ავთო ნიკოლაძის შესრულებულ „დუბლს“, გურულებმა მარჯვენა ფრთა ზურა ჩხობაძისა და მხტომელ რობი ნერსეზაშვილის დადებული ლელოები შეაგებეს. ‘არწივების’ მარცხენა ფრთის ოთარ მჟავიას გატანილმა ჯარიმამ კი გურულებს ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა.
მეორე ტაიმი გარე კახელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ‘ვეფხვები’ ჯერ შუამარბ ბექა სამსიანის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რასაც შემდგომში გარე კახელებმა კიდევ 3 გატანილი ლელო დაურთეს, გურულები კი ეულ დადებულ ლელოს დააჯერეს. ‘ვეფხვების’ პრემიალური ქულით გამარჯვება მარქაფადან ჩართული შუამარბის რატი პაპაშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 47:20.
ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, ‘მათე’ ჰავბეკ გიგა ცაგურიას გატანილი ჯარიმით ‘წიქარასთან’ მატჩის დებიუტში დაწინაურდა, რის შემდგომ ფავორიტი დედაქალაქელები შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ. ‘წიქარა’ ხაზშიც და სტატიკაშიც მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა და მთლიანობაში ზემო იმერლებს 5-ით მეტი, 7 ლელო დაუდო. ‘წიქარას’ მარბიელმა კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში მარქაფადან ჩართული სტუმართა ჰავბეკის გიორგი კურტანიძის გატანილი ლელოთი დაფიქსირდა. ‘წიქარამ’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 45:17.
კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘აკადემია’ და ‘ლოკომოტივი’ დაუპირისპირდნენ. ‘ლოკომოტივმა’ უპირატესობა მარბიელ ლაშა შერგელაშვილის შესრულებული „დუბლით“ მატჩის დებიუტშივე მოიპოვა. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი უპირატესობას მეთოდურად აღრმავებდა და „მხატვრები“ კვაჭ ჯაბა ციხელაშვილის გატანილ წყვილ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი ‘ლოკომოტივმა’ კიდევ 5 ლელო გაიტანა. „რკინიგზელთა“ პრემიალური ქულით მოგება ფრთა ნიკა დარჩიაშვილის დადებული ლელოთი დაფიქსირდა - 41:12.
RUGBY.GE