“ა” ლიგის მე-8 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა. იმაში, რომ “ბურჯმა” თელავში კასპის “გრიფინს” მოუგო, ამ გუნდების წინა მატჩის გათვალისწინებით მოულოდნელი არაფერია, თუმცა სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე უპირობო ფავორიტად “გრიფინი” ითვლებოდა. ამის მიზეზი კასპის გუნდის დაუმარცხებელი სერია იყო – გრიფინმა გასული 7-ივე ტურის მატჩი მოიგო და ცხადია, თელავშიც მოგებას ეშურებოდა, მაგრამ მასპინძლებმა უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარეს და საბოლოოდ 110:101 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
ამ გუნდების პირველი წრის მატჩი, რომელიც კასპში გაიმართა, ცხადია, გრიფინის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა შიდაქართლელებმა დიდი გაჭირვებით მოიგეს. მესამე პერიოდში გრიფინი 20 ქულით აგებდა და ასეთი უიმედო სიტუაციიდან გამოძრომა მოახერხა და საბოლოოდ 102:94 მოიგო.
ახლა პირიქით მოხდა. მეორე მეოთხედის მიწურულს კასპელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები ბურჯმა აღმავლობით ჩაატარა და საბოლოოდ გაიმარჯვა. ბოლო წუთებამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი იყო – ზებედი გრეჰემის სამქულიანის შემდეგ, დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, გრიფინმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თუმც აიზეა ვილკინსმა სამიანი, რიჩარდ ქალდველმა კი საჯარიმოები მიითვალეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.
გრიფინს დაუბრუნდა ზემონახსენები ზებედი გრეჰემი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მიუხედავად ამისა, კასპელები ჩემპიონატში პირველ მარცხს ვერ გადაურჩნენ. თელაველებს 34 ქულით, 10 მოხსნით და 6 პასით აიზეა ვილკინსმა ულიდერა. 27 ქულა დააგროვა რიჩარდ ქალდველმა. 17 ქულა კალებ თორნთონის ანგარიშზეა. კასპელებს მონტეს მატისმა უწინამძღოლა, რომელმაც 35 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 23 ქულა ჰქონდა ელაია ბიუქენენს, ხოლო ზებედი გრეჰემის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.
ამ წაგების მიუხედავად გრიფინი ინარჩუნებს პირველობას, თუმცა ტოლქულოვან რუსთავთან უპირატესობა პირადი მოგების ხარჯზე აქვს. ბურჯის მოგებით დაიძაბა ვითარება III-V ადგილებს შორის. სამივეს – სოხუმი საქართველოს, ბურჯს და თავისუფალს თანაბარი ქულები აქვთ. საბოლოოდ ცხრილი როგორ სახეს მიიღებს, დარჩენილ 2 ტურში გაირკვევა. შემდეგი ტურის მატჩები 13 და 14 მარტს გაიმართება.
gbf.ge