ქართული რაგბის დიდი მოამაგე - 82 წლის ასაკში დავით თაქთაქიშვილი გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ქართული რაგბის დიდი მოამაგე - 82 წლის ასაკში დავით თაქთაქიშვილი გარდაიცვალა

ქართული რაგბის დიდი მოამაგე - 82 წლის ასაკში დავით თაქთაქიშვილი გარდაიცვალა
24-02-2025, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

82 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე, ქართული რაგბის დიდი მოამაგე, ფილოსოფოსი, სტუ-ს პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, რაგბის თემაზე არაერთი წიგნის ავტორი დავით თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.

დავით თაქთაქიშვილს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული რაგბის წინსვლასა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

დავით თაქთაქიშვილმა მორაგბის კვართი 20 წლის ასაკში მოირგო და როგორც რესპუბლიკურ, ასევე საბჭოეთის სარბიელზე კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. ამიერკავკასიის ჩემპიონთა თასის მფლობელი, სპორტსაზოგადოება ‘სპარტაკის’ საკავშირო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი. თაქთაქიშვილმა ბრინჯაოს მედალი სპორტსაზოგადოება ‘ქარიშხალას’ საკავშირო ტურნირზეც მოიპოვა. მორაგბის კარიერის მიწურულს კი სსრკ-ს ვეტერან მორაგბეთა ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ მოიგო. საშინაო ასპარეზზე კი საქართველოს მრავალგზის პრიზიორმა თაქთაქიშვილმა თსუ-ს 50 წლისთავის სახელობის პრესტიჟული თასიც შემართა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმხანად ქართული რაგბის ხელნმძღვანელ ორგანო-რაგბის ფედერაციაში დავით თაქთაქიშვილის უნარიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა. თაქთაქიშვილი 1973-85 წლებში საქართველოს რაგბის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანის (ამჟამინდელი გენერალური მდივანი) თანამდებობას იკავებდა და აღნიშნულ პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად ქართული რაგბის საკეთილდღეოდ მრავალი ქარტეხილის გადალახვა მოუხდა. თაქთაქიშვილმა არაერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციას ჩაუყარა საფუძველი და ჩვენი რაგბის წინსვლა-განვითარების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა.

რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს დავით თაქთაქიშვილის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს თაქთაქიშვილების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.

დავით თაქთაქიშვილის დაკრძალვის ცერემონიალი 27 თებერვალს საბურთალოზე (ნუცუბიძის ქუჩა 221, პირველი კორპუსი, პირველი სადარბაზო, მე-6 სართული) 14 საათზე გაიმართება.

- ვკითხულობთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი