რაგბი ევროპა | ნახევარფინალში რუმინეთი გვიწევს » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | ნახევარფინალში რუმინეთი გვიწევს

რაგბი ევროპა | ნახევარფინალში რუმინეთი გვიწევს
20-02-2025, 14:22
Aa Aa
გაზიარება:

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ბორჯღალოსნები 2 მარტს თბილისში, „ავჭალის სტადიონზე“ რუმინეთს დაუხვდებიან. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპი საქართველომ ქულათა მაქსიმუმით (15) დაასრულა. მან ბონუს-ქულით „ავჭალაზე’ შვეიცარია (110:0) და ნიდერლანდები (40:7) დაამარცხა, ხოლო ესპანეთს სტუმრად 62:32 სძლია. რუმინეთმა პირველ ორ ტურში გერმანიას შინ ბონუსით მოუგო (48:10), ბელგიას სტუმრად 31:13 აჯობა, ბოლოს კი პორტუგალიასთან შინ 6:34 დამარცხდა ბ ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 2015 წლამდე „ერთა თასი“ ეწოდებოდა, 2000 წლიდან ყოველ გაზაფხულზე იმართება. 2009 წლიდან ჩემპიონი ყოველწლიურად ვლინდება. მანამდე სამჯერ (2003-2008) გამარჯვებული ორი წლის ჯამით გამოვლინდა და შედეგად, 25 წელიწადში სულ 22 ჩემპიონი გვყავს. 2023 წლამდე ჩემპიონატში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, მერე მას ორი მონაწილე დაემატა და დაინერგა ფლეი ოფის სისტემა და ფინალები. აღსანიშნავია, რომ წინა ორივე ნახევარფინალში რუმინეთს მოვუგეთ და ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ.

ჩემპიონატის სტარტზე მისი მოგების მთავარი პრეტენდენტი რუმინეთი იყო, თუმცა მერე ის საქართველომ ჩაანაცვლა. ბორჯღალოსნები ტიტულს ჯამში 16-ჯერ დაეუფლნენ, აქედან ბოლო 8-ს მიყოლებით. რუმინეთმა თასი 5-ჯერ მოიგო, ბოლოს 2017 წელს. ამ გუნდების დავაში პორტუგალია ერთადერთხელ, 2003-2004 წლებში ჩაერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი