სამტრედია ახლა თურქეთში შეკრებას გადის და ახალი სეზონისთვის ემზადება, რის ფარგლებშიც კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ გააკეთა.
დიდი მოტივაციაც მაქვს და დიდ იმედებსაც ვამყარებ, რომ სამტრედია განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება. ამას ემსახურება თურქული შეკრება, სადაც ოთხი ამხანაგური თამაში დაიგეგმა.
პირველი შეკრება თბილისში გვქონდა, როდესაც ბევრი მოთამაშე გავსინჯეთ და ბუნებრივია, ყველა ვერ დავიტოვეთ. გუნდი კიდევ შენების პროცესშია, ორი არგენტინელი ფეხბურთელი შემოგვიერთდა და ახლა ბრაზიელელებსაც ველოდებით.
გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ 9 მარტს ეროვნული ლიგა 2-ში სეზონის დაწყებას კარგ მდგომარეობაში შევხვდეთ. დასამალი არაა, რომ შემადგენლობის 60 პროცენტი ახალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტდება.
ველოდებით, რომ ბრძოლისუნარიან და მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს ჩამოვაყალიბებთ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და მაქვს ამბიცია, რომ სამტრედიას ეროვნულ ლიგაში დავაბრუნებ. მთავარია, სწორად დავკომპლექტდეთ და კონკურენცია იყოს.
- ამბობს მიხეილ აშვეთია.