ნაპოლის შემტევი სამეულიდან ერთ-ერთი გუნდს ტოვებს | დეტალები » სპორტის ხაზი

ნაპოლის შემტევი სამეულიდან ერთ-ერთი გუნდს ტოვებს | დეტალები

ნაპოლის შემტევი სამეულიდან ერთ-ერთი გუნდს ტოვებს | დეტალები
30-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო როგორც იტალიის სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაშიც. ნაპოლი სამუნდიალო შესვენებამდე შიდა ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, კერძოდ მილანს 8 ქულით აღემატება. გარდა ამისა, ნეაპოლური გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც კვალიფიცირდა, სადაც ისინი ფრანკფურტის აინტრახს 22 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

ამდენად, ლოგიკურია, რომ სატრანსფერო სიახლეები ნაპოლის გარშემო განსაკუთრებით ცხელი და აქტუალურია. ლუჩანო სპალეტის გუნდში არაერთი ნიჭიერი და საოცარ ფორმაში მყოფი მოთამაშე ჰყავს, რომელთა გადაბირებასაც, ცხადია, არაერთი კლუბი ცდილობს.

ბოლო პერიოდში, უმეტესად ყურადღება ნაპოლის შემტევებზე მახვილდება, ესენი ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ირვინგ ლოზანო არიან. იქამდე, სანამ ქართველი და ნიგერიელი ისვენებენ, ირვინგ ლოზანო და მისი მექსიკა მუნდიალის 1/8 ფინალში გასვლას ცდილობენ, რისი შანსიც მათ ჯერ კიდევ აქვთ. რაც შეეხება ტრანსფერს, საქმე სწორედ მექსიკელ გარემარბს შეეხება, რომელზეც RAI-ს ერთ-ერთმა სატრანსფერო აგენტმა, ჩირო ვენერატომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლოზანოს ახალი გამოცდილების მიღება სურს. შესაძლოა, იმის გათვალისწინებაც მოგვიწიოს, რომ მექსიკელს ძირითადში ადგილი გარანტირებულად სურს, რაც ნაპოლიში, თითქმის გამორიცხულია.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თავგადასავლების შესახებ უკვე ყველაფერი კარგად ვიცით. ბოლო დღეებისა თუ კვირების განმავლობაში, არაერთხელ დაიწერა და დადასტურდა, რომ ქართველი ნაპოლიში მომდევნო წელსაც აუცილებლად დარჩება, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც კვარაცხელიას გაორმაგებული ხელფასი და ახალი საბონუსე სისტემა იქნება.

ვიქტორ ოსიმენის შემთხვევა განსხვავებულია და თანაბრად არსებობს მისი როგორც გუნდში დარჩენის, ისე ნაპოლის დატოვების შანსიც. საქმე ისაა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელი ფორვარდის გაშვებას 100 მილიონის ფარგლებში აუცილებლად განიხილავს, მის შემცვლელად კი იტალიური კლუბი 8 ფორვარდს მოიაზრებს.

ამდენად, ხვიჩა კვარაცხელია რჩება, ირვინგ ლოზანოს კლუბის დატოვება და ახალი გამოცდილების მიღება სურს, ვიქტორ ოსიმენი და მისი მომავალი კი ჯერჯერობით გაურკვეველია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი