ახალი სტადიონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის განხილვა » სპორტის ხაზი

ახალი სტადიონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის განხილვა

ახალი სტადიონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციის განხილვა
29-01-2025, 00:37
Aa Aa
გაზიარება:

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფციის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე,დედაქალაქის მერიკახა კალაძე, სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ - რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის სარაგბო და საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ეს ასევე გამოიწვევს სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებითიინვესტიციების მოზიდვას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის საზოგადოების მოსაზრებებს სტადიონის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სტადიონი მნიშვნელოვანია სარაგბო ოჯახისთვის, რადგან ჩვენ მსოფლიო რაგბში გაკეთებული გვაქვს განაცხადი 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ‘შავი ლომი’ უკვე თამაშობს ჩელენჯ თასზე და ასევე განაცხადი გვაქვს შეტანილი გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უმაღლესი დონის გუნდებთან წლის განმავლობაში 11 თამაში გვექნება შინ, ხოლო 11 გასვლაზე და ეს ყველაფერი დამატებით ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა აქვს სარაგბო ოჯახიდან. მადლობა მათ იმისთვის, რასაც უკვე აკეთებენ ქართული რაგბისთვის. ასევე მადლობა „ქართუ ფონდს“ იმისათვის, რაც გააკეთა და კიდევ კეთდება“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს. მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი