ბელგიის კატასტროფული თამაში | ვის მიუძღვის ბრალი? » სპორტის ხაზი

ბელგიის კატასტროფული თამაში | ვის მიუძღვის ბრალი?

ბელგიის კატასტროფული თამაში | ვის მიუძღვის ბრალი?
27-11-2022, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ევროპულმა ნაკრებმა, კერძოდ ბელგიამ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მაროკოსთან თავისი შეხვედრა, სადაც რობერტო მარტინესის გუნდმა 0:2 წააგო და ჯგუფიდან ფლეიოფში მეორე ტურშივე კვალიფიცირების შანსი ხელიდან გაუშვა, რის გამოც ბოლო შეხვედრაში ხორვატიის წინააღმდეგ ბელგიელებს ნამდვილი საფეხბურთო ომის გადატანა მოუწევთ, რომელიც, ცხადია, წინასწარ არავინ იცის თუ როგორ დასრულდება.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით კი წინა ორ ფორუმზე სერიოზული საუბრები მიმდინარეობდა, რომ ბელგიელებს პირველი სანაკრებო ტიტული უნდა მოეგოთ, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლითაც ბელგიის ნაკრები იყო დაკომპლექტებული. ცხადია, როდესაც შენს გუნდში ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი, რომელუ ლუკაკუ, ედენ აზარი, დრის მერტენსი და კიდევ არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი თამაშობს ზეწოლაც იზრდება, მაგრამ რამდენად გაართმევს ბელგია წნეხს თავს? - ამაზე პასუხი დღეს და შესაძლოა ითქვას, რომ კანადასთან მატჩშივე ვიხილეთ.

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი არც თუ სახარბიელოდ დაიწყო. რობერტო მარტინესის შეგირდებმა პირველ ტურში კანადას მოუგეს და თითქოს, მუნდიალი ეფექტურად დაიწყეს, თუმცა ამ მოგებას წინ კატასტროფული სათამაშო ხარისხი უძღოდა, რამაც ბევრი გულშემატკივარი დააჯერა, რომ ბელგიის მთავარი პრობლემა, რაც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, ბოლოს კრიტიკულ ნიშნულამდეც მივიდა - სიბერე!

რობერტო მარტინესის გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან უმეტესი ფეხბურთელი 30 წელს უკვე გადაცილებულია და ბუნებრივია, რომ სწრაფი ფეხბურთის წინააღმდეგ ბელგია წარმატებას ვერ მიაღწევს. მიუხედავად ამისა, რობერტო მარტინესმა სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დატოვა, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში ბელგიის ნაკრებში ცოტა დრო ეძლეოდათ, რამაც მათი და ნაკრების ადაპტაციის პროცესი მაქსიმალურად მოშალა.

ვუტ ფაესი, არტურ ტეატე, ამადუ ონანა, ჟერემი დოკუ, შარლს დე კეტელარი, ლუის ოპენდა - მოკლედ, ბელგიას კიდევ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, თუმცა რობერტო მარტინესმა ისინი ძველი, ნაცადი ტაქტიკისგან დააშორა და კვლავ გამოცდილ, თუმცა ასაკოვან ფეხბურთელებს მიენდო.

კითხვა შემდეგშია: სად იყო ბელგიის მთავარი ძალა და რომელ ტაქტიკაში გრძნობს ეს გუნდი თავს კარგად? - პასუხი არათუ პირველ ნომრად, არამედ კონტრშეტევებზე თამაშია, რისთვისაც, ცხადია, რომ გუნდს სწრაფი მოთამაშეები სჭირდება როგორც ფიზიკურად, ისე აზრობრივი თვალსაზრისით. ნათელია, რომ რობერტო მარტინესს ევრო 2020-ზე 1/4 ფინალის წაგების შემდეგ, იდეალური შანსი ჰქონდა, რომ ეტაპობრივად ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოეძახა და ნაკრები მუნდიალზე მეტად გაახალგაზრდავებული და ასაკოვან მოთამაშეებთან დასინთეზირებული მოეყვანა, თუმცა მარტინესმა ეს ყველაფერი არ გააკეთა, ბელგიის ოქროს თაობა ბრინჯაომდე დაიყვანა და სწორედ ასე სცადა რამდენიმე საათის წინ ჯერ მაროკოსთან, მანამდე კი კანადასთან წარმატების მიღწევას.

საბოლოოდ, მარტინესმა და მისმა ბელგიამ მიიღო ის, რომ მათ ბოლო ტურში უმძიმესი გუნდის, კერძოდ ხორვატიის წინააღმდეგ ძალიან რთული თამაშის გადატანა და რაც მთავარია, 99% შემთხვევაში გამარჯვება მოუწევთ, რათა დაძლიონ ჯგუფი და გულშემატკივრების თვალში ადაპტირდნენ.

ვინ იცის, შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო ნაკრებისთვის, რომ მარტინესის ნაცვლად, რომელიმე სხვა მწვრთნელი მოეძებნათ, რომელიც ბელგიის ამ ერთობ უცნაურ, თუმცა უნდა ითქვას, რომ საოცარ თაობას ალღოს უკეთესად აუღებდა და უკეთესადაც ათამაშებდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი