“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო: რუსთავმა, კასპმა და სტუდენტებმა მოიგეს » სპორტის ხაზი

“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო: რუსთავმა, კასპმა და სტუდენტებმა მოიგეს

“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო: რუსთავმა, კასპმა და სტუდენტებმა მოიგეს
9-01-2025, 18:21
Aa Aa
გაზიარება:

დღეს 3 მატჩით "ა" ლიგის გათამაშება დაიწყო. ეს გახლავთ იერარქიულად სუპერლიგის დაბლა მყოფი ლიგა, რომლის მონაწილე 6 გუნდი პირველობისთვის იბრძვის. გამარჯვებულს "ა" ლიგის ჩემპიონის ტიტული ერგება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიზი სუპერლიგის საგზურია, რომელიც წინა სეზონში ვსა-ს ერგო. წლევანდელი 6 გუნდიდან ვინ მოიგებს საგზურს, აპრილში გამოჩნდება, მანამდე კი რეგულარული ჩემპიონატის 10 ტური და შემდეგ პლეი ოფებია.

გათამაშების სისტემა დაარსებიდან, 2014 წლიდან უცვლელია. 6 გუნდი 2 წრედ თამაშობს და 4 საუკეთესო პლეი ოფში გადის, მეხუთეადგილოსანი ლიგაში დასარჩენად მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციოს თამაშობს, ხოლო ბოლო, მე-6 ადგილზე გასული გუნდი ვარდება. ამ სეზონში "ა" ლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს – კასპის "გრიფინი" და "თავისუფალი-აგრარული". ორივე მათგანმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა: კასპელებმა "ვერას" ბრძოლაში – 91:84 (სტატისტიკა) მოუგეს, ხოლო უნივერსიტეტთა გაერთიანებულმა გუნდმა "სოხუმი-საქართველოს” სძლია – 103:85 (სტატისტიკა).

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდს სათავეში ბესიკ ლეჟავა უდგას, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში სუპერლიგის წარმომადგენელ “ამრა გაგრას” წვრთნიდა. გუნდმა სუპერლიგის გუნდებიდან 2 მოთამაშე – ექს-ბათუმელი კოდი ბეარი და ექს-კავკასიელი ჯორდან სმიტი დაიმატა. ორივემ შედეგიანად ითამაშა, განსაკუთრებით კი ჯორდანმა, რომელმაც 9 ქულა და 13 პასი მიითვალა. სოხუმი-საქართველოს რაც შეეხება, ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა გუნდმა 3 ლეგიონერის გარეშე ითამაშა, რომლებიც გათავისუფლების წერილის მოლოდინში არიან.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი