ქართული რაგბის უხუცესი ლეგენდა იუბილარია! - ნოდარ კაჭარავას 90 წელი შეუსრულდა » სპორტის ხაზი

ქართული რაგბის უხუცესი ლეგენდა იუბილარია! - ნოდარ კაჭარავას 90 წელი შეუსრულდა

ქართული რაგბის უხუცესი ლეგენდა იუბილარია! - ნოდარ კაჭარავას 90 წელი შეუსრულდა
26-12-2024, 22:46
Aa Aa
გაზიარება:

ქართული რაგბის ამაგდარ და უხუცეს მოღვაწეს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ ნოდარ კაჭარავას 26 დეკემბერს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.

პედაგოგების ოჯახში აღზრდილმა ნოდარ კაჭარავამ რაგბის თამაში 28 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი „კაჭო“ (კაჭარავას სარაგბო თიკუნი) ხელბურთით იყო დაკავებული. ჯანიანი, მკვირცხლი კაჭარავა ოვალურ ბურთს პირველი თაობის ლეგენდარულმა მწვრთნელებმა ოთარ დოღონაძემ და გივი მრელაშვილმა აზიარეს.

„კაჭომ“ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდის ძირითადში უმალ დაიმკვიდრა ადგილი და მარცხენა ფრთის ამპლუაში, „სპის“ მემკვიდრე ‘დინამოს’ შემადგენლობაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 8-გზის მოიპოვა, 4-ჯერ კი საბჭოეთის „ცს“-ის გამარჯვებული გახდა, ხოლო სსრკ-ს პირველობაზე პოდიუმს 2-ჯერ უწია. კაჭარავა საბჭოეთის ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

„კაჭომ“ მოქმედი მორაგბის კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა, რის შემდგომ ერთი ხანობა ჭაბუკ მორაგბეებს წვრთნიდა, თუმცა მალე მთელი ძალისხმევა მსაჯობას მოახმარა. ნოდარ კაჭარავა 9 წლის მანძილზე საქართველოს მორაგბეთა მსაჯთა კოლეგიას უნარიანად ხელნმძღვანელობდა და ამის გარდა 1970-83 წლებში გამართული რესპუბლიკური ცენტრალური საბჭოსა და საკავშირო ტურნირების უცვლელი მონაწილეც გახლდათ.

ნოდარ კაჭარავა 1976 წელს საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახდა, 2 წლის შემდეგ კი ქალაქ ბორდოში რაგბის მსაჯთა და მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარზე იქნა მივლინებული, რის შემდგომ „კაჭოს“ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა. 1977 წელს თბილისმა მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომლის ორგანიზებაში ნოდარ კაჭარავას დიდი წვლილი მიუძღვის. იმხანად საქართველოს სასტუმროების რესტორნები რძის პროდუქტების მწვავე დეფეციტს განიცდიდა. ნოდარ კაჭარავამ მოსკოვში მორიგი მივლინებისას, თან საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგარანტიო წერილი იახლა, რომლის მეშვეობით ხსენებული პრობლემა უმოკლეს პერიოდში იქნა მოგვარებული.

ნოდარ კაჭარავა დიდი პატრიოტიც გახლავთ. გასული საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში, სირიაში გამართულ ახალგაზრდა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამსაჯოდ მიწვეულმა „კაჭომ“ ბეიჯზე თარჯიმნის მეშვეობით წარმომავლობის გრაფაში ცვლილება შეატანინა და საქართველო დაამატებინა. ნოდარ კაჭარავას იმხანად წარმოუდგენლად თამამმა ნაბიჯმა საბჭოეთის უშიშროების კომიტეტი განარისხა და ხსენებულმა ჩემპიონატმაც „სუკის“ მიერ შერისხული ქართველი არბიტრის გარეშე ჩაიარა.

ნოდარ კაჭარავას 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს, რომელთაგან პროფესიულ დონეზე რაგბის თამაში არავინ ისურვა, რასაც კაჭარავების ოჯახის თავკაცი დღემდე მტკივნეულად განიცდის.

ნოდარ კაჭარავა სარაგბო მოღვაწობას დღესაც წარმატებით აგრძელებს და საქართველოს რაგბის კავშირის ვეტერანებს მხარში აქტიურად უდგას. პარალელურად „კაჭო“ ლიტერატურული საქმიანობითაა დაკავებული. ნოდარ კაჭარავამ ლექსების და ნოველების 2 კრებული გამოსცა და ცხოვრების მთავარ დევიზად - „ თუ ვერ დავიცავთ სიკეთის მთესველს, დე, დედამიწა დაიქცეს დღესვე“! - მიიჩნევს.

ქართული სარაგბო თემი და საქართველოს რაგბის კავშირი ნოდარ კაჭარავას იუბილეს ულოცავს, მადლობას უხდის გაწეული დიდი სამსახურისთვის, დღეგრძელობასა და ქართული რაგბის სამომავლო არაერთი წარმატებით გახარებას უსურვებს.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი