TOP 10 შეცდომა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში » სპორტის ხაზი

TOP 10 შეცდომა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში

TOP 10 შეცდომა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში
20-11-2022, 15:37
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება სულ რამდენიმე საათი დარჩა. მანამდე კი, გავიხსენოთ მსოფლიოს ჩემპიონატების 10 გამორჩეული მომენტი:

10. გრეჰემ პოლის სამი ყვითელი ბარათი | 2006

გრეჰემ პოლმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრა, კერძოდ ავსტრალიისა და ხორვატიის ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა, სადაც მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. საქმე ისაა, რომ პოლმა ხორვატიის ფეხბურთელი, იოსიპ სიმუნიჩი 61-ე წუთზე ყვითელი ბარათით გააფრთხილა, რასაც 90-ე წუთზე იმავე ფეხბურთელისთვის მორიგი ყვითელი ბარათის ჩვენება მოჰყვა. რასაკვირველია, აბსოლუტურად ყველა სიმუნიჩის გაძევებას ელოდა, თუმცა მსაჯმა სიმუნიჩი მხოლოდ 93-ე წუთზე მესამე ყვითელი ბარათის ჩვენების გამო გააძევა.

9. რობერტ გრინის გათიშვა აშშ-ის წინააღმდეგ | 2010

მეკარე, რომელიც დაშვებული შეცდომებით უფრო ახსოვთ, ვიდრე დამაჯერებელი თამაშით, რისი საუკეთესო მაგალითიც ინგლისელი კარის დარაჯი რობერტ გრინია. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კლინტ დემპსის შორეული დარტყმული, რომელიც მარტივად მოსაგერიებელი იყო, ინგლისის მეკარემ კურიოზულად გაუშვა, რის გამოც ინგლისი საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ცნობილი 1/8 ფინალი გერმანიის წინააღმდეგ გამართა.

8. ფრენკ ლამპარდის "მოჩვენებითი გოლი" გერმანიის წინააღმდეგ | 2010

რასაკვირველია, ინგლისისა და გერმანიის დაპირისპირება მსოფლიო კლასიკად ისედაც ითვლება, თუმცა 2010 წელი და ამ გუნდების 1/8 ფინალში დაპირისპირება ინგლისის გულშემატკივრებს ძალიან მწარედ ახსოვთ. ეს სწორედ ის მატჩია, სადაც ფრენკ ლამპარდმა მანუელ ნოიერს შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა. ფრენკ ლამპარდის დარტყმული ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, რომლითაც ანგარიში 2-2 ხდებოდა, თუმცა მსაჯებმა ეს ყველაფერი ვერ შენიშნეს და ინგლისს გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს. საბოლოოდ, ის მატჩი ინგლისმა 4-1 წააგო და გერმანია 1/4 ფინალში გავიდა.

7. სიკვდილის ზღვარი - პატრიკ ბატისტონი | 1982

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებოდნენ, პატრიკ ბატისტონი სერიოზულად დაშავდა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი გერმანელთა მეკარის, ჰარალდ შუმახერის პირისპირ მარტო მოექცა, სადაც შუმახერმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უხეშობა გამოიჩინა, რის გამოც ბატისტონმა სამი კბილი დაკარგა და ნეკნი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გერმანელთა საჯარიმოში ხდებოდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. საბოლოოდ, გერმანიამ ფინალში გააღწია, სადაც იტალიასთან 3-1 დამარცხდა.

6. დიეგო მარადონას ღმერთის ხელი | 1986

მსოფლიოს ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტი სწორედ დიეგო მარადონას მიეწერება. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფეხბურთის ლეგენდამ ინგლისის მეკარეს, პიტერ შილტონს მუნდიალის 1/4 ფინალში გოლი ხელით გაუტანა, არადა დიეგომ თავით დარტყმის იმიტაცია მოახდინა. საბოლოოდ, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ამავე შეხვედრაში მარადონამ ტურნირის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა.

5. ანდრეას ესკობარის ავტო გოლი | 1994

ვისი შესრულებით აღარ გვინახავს ავტო გოლი, მაგრამ ანდრეას ესკობარი ამისთვის ისტორიაში ყველაზე სასტიკად დაისაჯა. ესკობარმა 1994 წლის მუნდიალზე გოლი საკუთარ კარში ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაიტანა. საბოლოოდ, მისი კოლუმბია ჯგუფში ჩარჩა, სამშობლოში დაბრუნებული ესკობარი კი ამავე ქმედებისთვის ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. სავარაუდოდ, როგორც მაშინ დაიწერა, ესკობარის მკვლელმა საკმაოდ დიდი ფსონი დადო და წაგებისთვის პასუხი სწორედ ანდრეას ესკობარს მოსთხოვა.

4. რობერტო ბაჯოს გაფუჭებული პენალტი | 1994

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რობერტო ბაჯოს იტალია ბრაზილიას დაუპირისპირდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად იტალიელთა მხრიდან სწორედ რობერტო ბაჯო გამოჩნდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მისმა ნაკრებმა მუნდიალის ფინალი დრამატულად წააგო.

3. ლუის სუარესი და ჯორჯო კიელინი | 2014

ლუის სუარესი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ურუგვაის ნაკრების ლიდერმა, გარდა იმისა, რომ 2010 წელს განასთან კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა, სუარესმა 2014 წელს ჯორჯო კიელინს მხრის მიდამოში უკბინა, რაც მოგვიანებით საყოველთაოდ ცნობილი გახდა. საბოლოოდ, სუარესი მატჩიდან არ გააძევეს, თუმცა ელ პისტოლეროსთვის მთავარი განაჩენი ძალიან მკაცრი გამოდგა - 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 4 თვით ყველანაირი საფეხბურთო აქვტივობისთვის ჩამოშორება.

2. ასამოა გიანის პენალტის გაფუჭება | 2010

2010 წლის მუნდიალის 1/4 ფილანში, სადაც ურუგვაი და განა ერთმანეთს ხვდებოდნენ ასამოა გიანმა ხელიდან ოქროს შანსი გაუშვა, რათა განა გაეხადა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას შეძლებდა. საქმე ისაა, რომ ძირითადი დროის 1-1 დასრულების შემდეგ, მატჩი პენალტებამდე მიდიოდა, თუმცა 120-ე წუთზე ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრები აშკარა მარცხისგან იხსნა. სუარესმა მეტოქე ფეხბურთელის დარტყმული ხელით მოიგერია, რის გამოც მატჩის ბოლო წამებზე ასამოა გიანი და მისი ნაკრები პენალტით დასაჩუქრდა. საბოლოოდ, გიანმა ბურთი ძელს მოარტყა, პენალტების სერიაში კი სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა იმარჯვა.

1. ზინედინ ზიდანი და მატერაცი | 2006

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის 110-ე წუთმა მთელი საფრანგეთი ერთბაშად დაასამარა, რადგან მოედნიდან ზინედინ ზიდანი ცნობილი უხეშობის გამოჩენისთვის გააძევეს. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, თუ როგორ ცდილობს მარკო მატერაცი ზიდანის პროვოკაციაზე სიტყვიერად წამოგებას, რასაც ფრანგი ნახევარმცველის ერთ-ერთი ყველაზე იკონური თავური დარტყმა მოჰყვა, თუმცა არა ბურთზე, არამედ პირდაპირ მარკო მატერაცის მკერდზე. საბოლოოდ, ზიდანი ბევრმა გააკრიტიკა. გულშემატკივრების ნაწილი ამბობდა, რომ ზიდანს მეტი პროფესიონალიზმი და დისციპლინა უნდა გამოეჩინა, ზოგმა კი ის თქვა, რომ ზიდანმა მსგავსი საქციელით თავისი ღირსება დაიცვა. საბოლოოდ, საფრანგეთი პენალტების სერიაში დამარცხდა, ამ ქვეყანას კი მომდევნო მუნდიალის მოსაგებად 12 წელი დასჭირდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი