საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩის დასრულების შემდეგ, ლევან კობიაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერება იყო, რომ საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმის საშუალება კიდევ ერთხელ თითოეულ ჩვენთაგანს მოეცა. ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა მსგავსი მატჩები და მომავალშიც ვაპირებთ ამ საქმის გაგრძელებას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას, ახალი თაობისთვის კი სტიმულია.
კაკამ მითხრა, რომ მისთვის აქ თამაში ბედნიერება იყო. ხშირად ვყოფილვარ მსგავს თამაშებზე და მინდა გითხრათ, რომ ასეთი მიდგომა და ემოციები ბევრ ადგილას არ შემხვედრია. მათთვის ყველასთვის ბედნიერება იყო აქ თამაში და იციან რომ, მილანს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს." - ამბობს ვეტერანი ქართველი მოთამაშე.