გუშინდელი დრამატული მარცხის შემდეგ, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იწვნია, კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა ლიდერმა და კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა:
"რთულია ისაუბრო ასეთი დრამატული მატჩის შემდეგ. იტალიის ნაკრებს ორქულიანების სროლის შეზღუდვის მიუხედავად, სამქულიანების გამოყენების ბევრი შესაძლებლობა მივეცით, დაცვაში კი ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ეს სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა. ჩვენმა გუნდმა ბურთი საგრძნობლად ბევრჯერ დაკარგა, პირველ რიგში კი, მე. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა ყველამ ნახა საბოლოო დასასრული. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. მიუხედავად წაგებისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად." - გუნდის კაპიტანი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას გუშინდელი მონაგარი 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.