საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო თამაშამდე ძალიან ცოტა რჩება. ვილი სანიოლის გუნდი ახალი ერთა ლიგის ციკლს 7 სექტემბერს დაიწყებს, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება, რომელთანაც გადაკვეთა ერთხელ უკვე გვქონდა.
სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ სანიოლს ცენტრალურ ზონაში ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება, ფეხბურთელი, რომელსაც ვილი ხშირად იძახებდა და გარკვეულ სათამაშო დროსაც აძლევდა.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ანზორ მექვაბიშვილი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს – ინფორმაციას რუმინული კლუბის, კრაიოვის უნივერსიტეტეას პრეს-სამსახური ავრცელებს.
თავდაპირველად პროგნოზები დამაიმედებელი არ გახლდათ, მაგრამ დიაგნოზი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე პირველადი მოლოდინებისას იყო, თავდაპირველად კი მძიმე დიაგნოზი გავრცელდა, თითქოს მექვაბიშვილი სეზონის ბოლომდე დაისვენებდა და გუნდს ვეღარ დაეხმარებოდა.
თუმცა 26 აგვისტოს ჩატარებულმა გამოკვლევებმა კრაიოველები გაახარა – 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ჯვარედინი იოგები არ დაწყვეტია, არამედ დაეჭიმა და დაახლოებით 6 კვირა დაისვენებს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში, და დიდი ალბათობით, ოქტომბერშიც საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.