ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ დღეს ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება, მეორე ფინალისტის ვინაობას კი 10 ივლისს გავიგებთ.
ცნობილმა გამოცემებმა ევროს საუკეთესო თერთმეტეულის შედგენა უკვე დაიწყეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ბრიტანული The Sun-ის მიერ შედგენილი სიმბოლური გუნდი, რომელშიც ბევრი მოულოდნელობა არაა, მაგრამ უცხოელმა გულშემატკივრებმა სიმბოლურის სუსტ წერტილს მაინც მიაგნეს, - ის მეკარის პოზიციაა.
ბრიტანელებმა მეკარის პოზიციაზე ჯორდან პიკფორდი დააყენეს, რომელსაც ევროზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გაშვებული. მიუხედავად ასეთი კარგი მაჩვენებლისა, კომენტარების სექციაში არაერთი გულშემატკივარი ითხოვს, რომ მეკარის პოზიციაზე პიკფორდი გიორგი მამარდაშვილით ჩაანაცვლონ, რომელმაც 8 გოლი კი გაუშვა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ ტურნირზე ყველაზე მეტი, 30 სეივი დააგროვა და გარდა ამისა, არაერთ ურთულესად მოსაგერიებელ დარტყმულსაც გაუმკლავდა.
აი, როგორია The Sun-ის მიერ შედგენილი სიმბოლური XI: პიკფორდი, კუკურელია, გეჰი, სალიბა, კიმიხი, როდრი, კანტე, რუისი, უილიამსი, გაკპო, საკა, - იხილეთ ფოტო