თუ სანიოლი წავა - საქართველოს ნაკრების ჩაბარების 3 რეალური კანდიდატი » სპორტის ხაზი

თუ სანიოლი წავა - საქართველოს ნაკრების ჩაბარების 3 რეალური კანდიდატი

თუ სანიოლი წავა - საქართველოს ნაკრების ჩაბარების 3 რეალური კანდიდატი
5-07-2024, 00:18
Aa Aa
გაზიარება:

წესით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა და არაფერი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დარჩეს.

მიუხედავად ამისა, ნაკრებს რეზერვში მაინც ჰყავს რამდენიმე სპეციალისტი, რომლებთანაც დაკავშირება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ სანიოლი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას გადაწყვეტს.

შოთა არველაძე

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც შოთა არველაძეს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ელიან. ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირს გამოცდილება სამწვრთნელო დონეზე უკვე მიღებული აქვს, მისი გამოცდილების გაზიარება ნაკრების ფეხბურთელებისთვის კი ისტორიის ახალი ნაწილი იქნებოდა. 51 წლის შოთა არველაძე ახლა თურქულ კარაგუმრუკში მუშაობს, იქამდე კი შოთას ჰალ სიტიში, ფახთაქორში, მაკაბი თელ-ავივში, ტრაბზონსპორში და სხვა კლუბებში უმუშავია.

რამაზ სვანაძე

ალბათ, სვანაძის კანდიდატურა რეალობასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა. რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ. ისაა ადამიანი, რომელმაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პლეიოფში ურთულესი ჯგუფიდან გაიყვანა, იქ კი მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა. რამაზ სვანაძე ახალგაზრდა თაობას შესანიშნავად იცნობს და მისთვის ახალი პროექტის მინდობა ალოგიკური სულაც არ იქნებოდა.

გიორგი ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი არის მწვრთნელი, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრესა აქვს. გარდა მწვრთნელობის უნარებისა, ის საფეხბურთო თემატიკაზე არაჩვეულებრივი მოსაუბრე და ექსპერტია, რაც სპორტულ სატელევიზიო გადაცემებში არაერთხელ დამტკიცდა. გიორგი ჭიაბრიშვილი ახალგაზრდა, თამამი და კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევარი სპეციალისტია, რაც, შესაძლოა, ნაკრებს ყველაზე მეტად გამოადგეს.

ცხადია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და დავუშვებთ, რომ სანიოლზე კიდევ უფრო მეტად გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება, მაშინ ზემოაღნიშნული 3 სპეციალისტიდან არცერთი არ გამოგვადგება. ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციას დაკავშირება ელიტურ დონეზე მომუშავე მწვრთნელთან მოუწევს, რომელსაც შეეძლება, რომ საქართველოს ნაკრებში არსებულ გამოწვევებს თავისი მაღალკვალიფიციურობით უპასუხოს და საკუთარი გამოცდილება ქართული ფეხბურთის ახალ ეპოქას შესაფერისად მოარგოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი