დრო აღარ იცდის - ვინ იქნება კიტეიშვილის ჩამნაცვლებელი თურქეთთან? » სპორტის ხაზი

დრო აღარ იცდის - ვინ იქნება კიტეიშვილის ჩამნაცვლებელი თურქეთთან?

დრო აღარ იცდის - ვინ იქნება კიტეიშვილის ჩამნაცვლებელი თურქეთთან?
16-06-2024, 12:09
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი თამაშის გამართვამდე 2 დღე რჩება, მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში დაზიანებული ოთარ კიტეიშვილი კი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

ოფიციალური ნაკრების ინფორმაციით, შტურმის ნახევარმცველმა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე ივარჯიშა და გუნდურ სესიაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ოთარს 18 რიცხვისთვის გამოჯანმრთელება გაუჭირდება.

ვილი სანიოლს ოთარ კიტეიშვილის ჩანაცვლება რამდენიმე ფეხბურთელით შეუძლია. ფრანგი სპეციალისტის ვარიანტებში ამპლუით იგივე ტიპის მოთამაშის დაყენება და/ან ტაქტიკური ცვლილება შედის, რაც უშუალოდ პირველ მეტოქეს უნდა მოვარგოთ.

მაგალითისთვის, სანიოლს შეუძლია, რომ კიტეიშვილი ანალოგიური ფუნქციების შემსრულებელი სანდრო ალთუნაშვილით ჩაანაცვლოს, რომელმაც ავსტრიის ლიგაში ვოლფსბერგერთან ერთად 27 შეხვედრა ჩაატარა და საკლუბო დონეზე პრაქტიკა ნამდვილად არ აკლდა. ცუდი ისაა, რომ სანდროს ნაკრებში მხოლოდ 5 შეხვედრა აქვს გამართული და მისთვის ევრო 2024-ზე სადებიუტო შეხვედრის სასტარტოში მოხვედრა უდიდესი გამოწვევა იქნება. გარდა ამ ვარიანტისა, სანიოლს ისიც შეუძლია, რომ ცენტრის ხაზზე შენგელია, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილისა და კაკაბაძის ოთხეული დატოვოს, შეტევაში კი მარჯვენა ფლანგზე ზურიკო დავითაშვილი დაამატოს (3-4-3). უბრალოდ, ერთი ისაა, რომ ასეთ ფორუმზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ საკმაოდ თამამი ტაქტიკის არჩევა დიდი რისკის შემცველი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვილიმ ამ გზას მიმართოს.

დიდი ალბათობით, ოთარის არყოფნის შემთხვევაში საქართველოს მწვრთნელი გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს ენდობა და 5-ფეხბურთელიან ნახევარდაცვის ხაზს კვლავ შეინარჩუნებს, ზუსტად ისე, როგორც ეს მონტენეგროსთან შეხვედრაში იყო. ცხადია, ნიკა გაცილებით დაცვითი ყაიდის ფეხბურთელია, ვიდრე კიტეიშვილი, თუმცა მისი დაყენება მთლად ალოგიკურად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მეტოქე მონტენეგროზე გაცილებით ძლიერია და შეტევასთან ერთად სიფრთხილე და მოწინააღმდეგის ადეკვატური შეფასებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი