ხვიჩა, დე ბრუინი, კეინი - ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები » სპორტის ხაზი

ხვიჩა, დე ბრუინი, კეინი - ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები

ხვიჩა, დე ბრუინი, კეინი - ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები
28-05-2024, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირაღა რჩება. გთავაზობთ ჩვენ მიერ შედგენილ სიმბოლურ თერთმეტეულს.

მეკარე - ჯიანლუიჯი დონარუმა

იყო რამდენიმე კონკურენტი, თუმცა ჩვენი არჩევანი დონარუმაზე შეჩერდა. იტალიელ მეკარეს ნაკრებში უკვე უდიდესი წარმატება აქვს მიღწეული და გერმანიაში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩადის. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის პენალტების სერიაში დონარუმამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ნაკრებს დიდი ხნის შემდეგ ტიტული მოუტანა. დონარუმა საკლუბო დონეზე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ჯიჯიმ საფრანგეთის თასიც მოიგო.

მცველები - კაილ უოკერი, რუბენ დიაში, უილიამ სალიბა, ტეო ერნანდესი

კაილ უოკერი ამ ფორმაციის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია. ასაკის მატებასთან ერთად უოკერს ფიზიკური რეგრესი საერთოდ არ ეტყობა. კაილი პრემიერ ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა, ნაკრებში კი მისი გამოცდილებისა და სათამაშო უნარების გაზიარება უმნიშვნელოვანესი იქნება.

რუბენ დიაში ვარსკვლავური პორტუგალიის ვარსკვლავური მცველია. უოკერთან ერთად დიაშმაც მორიგი პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო. რუბენი კარიერის ამ მომენტისთვის ნამდვილ პიკში იმყოფება. 27 წლის მცველს პორტუგალიის წარმატებაზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორც მას გვარდიოლას გუნდზე მთელი სეზონის განმავლობაში ჰქონდა.

უილიამ სალიბა ბოლო პერიოდში შეცვლილი საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ახალგაზრდა ფრანგ მცველს შესანიშნავი პროგრესი აქვს და არსენალშიც მისი წონა სულ უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ არტეტას გუნდმა პრემიერ ლიგის ბრძოლა მორიგ ჯერზე დათმო, სალიბას თავისი სიტყვის თქმა ევროპის ჩემპიონატზეც შეეძლება.

ტეო ერნანდესს კონკურენტი თითქმის არ ჰყავს. ამ ფეხბურთელს შეტევაში თამაში ისევე შეუძლია, როგორც ამას ამპლუით ფორვარდი გააკეთებდა. ტეოს აქვს ფიზიკა, სისწრაფე, პასისა და დარტყმის კულტურა, რაც თანამედროვე განაპირა მცველისთვის მხოლოდ იდეალურ შემთხვევაში თუ იარსებებდა.

ნახევარმცველები - როდრი, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინი

როდრის ხანგრძლივი წაუგებელი სერია დასრულებულია, თუმცა ეჭვი არაა, რომ ის ესპანელებისთვის ისეთივე ხერხემალი იქნება, როგორც ეს მანჩესტერ სიტიში ხდება. ლუის დე ლა ფუენტე ბედნიერი უნდა იყოს, რადგან ნაკრებში სერხიო ბუსკეტსს გზის ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა.

ჯუდ ბელინგემი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავური გამონათებაა და ეჭვი არაა, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატია. ჯუდმა რეალთან ერთად ლა ლიგაში მშვენიერი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონიც გახდა, ახლა კი წინ ჩემპიონთა ლიგის თასია, რომელიც მადრიდელებისთვის მე-15, ბელინგემისთვის კი პირველი იქნება.

თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კევინ დე ბრუინის მქონე სათამაშო არსენალი აქვს. საფეხბურთო მონაცემებს რომ თავი დავანებოთ, ის ახალი ფორმაციის ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რომელუ ლუკაკუსთან ერთად იქნება და ცნობილი დუო ტიტულის მოგებას მორიგ ჯერზე შეეცდება.

თავდამსხმელები - ფილ ფოდენი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია

ფოდენი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი როლი მანჩესტერ სიტიში წლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც ბოლოს ინდივიდუალური ჯილდოთი დაგვირგვინდა. ახლა ფილისთვის მთავარი ისაა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ნაჩვენები თამაში უშუალოდ სანაკრებო დონეზეც გადაიტანოს და ინგლისს პირველი ევროპის ჩემპიონატის ტიტული მოუტანოს.

ჰარი კეინმა ინდივიდუალურად მშვენიერი სეზონი ჩაატარა, გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირი ერთი ამოსუნთქვით გახდა და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა არასტაბილურმა ბაიერნმა ინგლისელს მეტის გასაქანი არ მისცა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სუბიექტურები ვართ, მაგრამ არც ობიექტურ თერთმეტეულებში იქნებოდა მისი ხილვა უცნაური. ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლისთან ერთად ინდივიდუალურად არც თუ ცუდი სეზონი ჩაატარა, თუმცა კეინის მსგავსად, კვარას გუნდში ჰქონდა პრობლემები. თუ ტურნირის გამორჩეულ ფანტაზისტა ფეხბურთელებს ავიღებთ, ეჭვი არაა, რომ მასში ხვიჩა კვარაცხელიას სახელი აუცილებლად მოხვდებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი