ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, შოთა არველაძე პირველი არხის გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ნაპოლი ამჟამად იტალიაში საუკეთესო გუნდია. ამ გუნდის თამაშებს, სანამ ხვიჩა გადავიდა, ხშირად არ ვუყურებდი. ნაპოლი არამხოლოდ კარგმა შემტევებმა, არამედ გამორჩეულმა მცველებმაც დატოვეს და ხელმძღვანელობას სრულიად ახალი გუნდის შენება მოუწია.
ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ, რაც მათი სათამაშო კლასის დამსახურებაა. გვარდიოლადან დაწყებული, კლოპით დამთავრებული, ნაპოლიზე უკვე ყველა საუბრობს და უდავოა, რომ ამ მომენთისთვის, ისინი იტალიაში საუკეთესოები არიან.
ხვიჩას თამაშის განსაკუთრებული სტილი აქვს, მეც თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ ასე ხმალამოღებული, კარის ხაზზე დაგეშილი მოთამაშე ძალიან ცოტა თუ მინახავს.
არ მახსოვს პოზიცია, სადაც ბურთს იღებდა და კარის ხაზს არ უყურებდა - ბრწყინვალე ორიენტაცია აქვს, ფიზიკურ მონაცემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - თამაშის წაკითხვა, პასი ...
ცნობისთვის, ევროპაში გუნდურობა ძალიან ფასობს, როცა პირველი გადაცემა გააკეთა მივწერე: "იცოდე, გოლის გატანა ყველას უყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე პასი უფრო ფასობს მეთქი" - და ცხადია ამას თავადაც ხვდება.
თავის დროზე, აიაქსის ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, რომ ხვიჩა ბრილიანტი იყო და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, თუმცა პასუხად ის მივიღე, რომ 9-10 მილიონი კვარაცხელიასთვის ზედმეტად ბევრი იყო", - განაცხადა არველაძემ.