ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 24 ქვეყანა იასპარეზებს, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველო იქნება, რომელსაც ჯგუფში თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ეყოლება.
მოდით, გადავხედოთ ყველა ნაკრებს და ვნახოთ თუ რამდენ მათგანთან აქვს საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში ერთი გამარჯვება მაინც მოპოვებული.
A ჯგუფი - გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია უნგრეთი
გერმანია - 0 მოგება, 0 ფრე, 5 წაგება
შვეიცარია - 0 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
შოტლანდია - 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
უნგრეთი - 1 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება
როგორც ხედავთ, ამ ჯგუფში საქართველოს ყველაზე მეტი გამარჯვება შოტლანდიის ნაკრებთან აქვს მოპოვებული, რომელთანაც ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვითამაშეთ, თუმცა იქ 3 ქულის აღება არ გამოგვივიდა. აღნიშნული მოგებები 2015 (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, 1:0) და 2007 წლებით (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, 2:0) თარიღდება. რაც შეეხება უნგრეთს, ისინი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე გვყავს დამარცხებული, - 3:1.
B ჯგუფი - იტალია, ხორვატია, ესპანეთი, ალბანეთი
იტალია - 0 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება
ხორვატია - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება
ესპანეთი - 1 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება
ალბანეთი - 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება
ამ ქვეჯგუფში საქართველოსთვის ყველაზე ნაცნობი ნაკრები ალბანეთია, რომელთანაც ისტორიაში 8-ჯერ გვაქვს მოგებული (1994, 1995, 1998, 1998, 2003, 2004, 2012, 2013). რაც შეეხება ხორვატიასა და ესპანეთს, ხორვატებს 2012 წლის ევროპის საკვალიფიკაციოზე 1:0 ვაჯობეთ, ესპანეთი კი ამხანაგურ შეხვედრაში ამავე ანგარიშით გასვლაზე 2016 წელს გვყავს დამარცხებული.
C ჯგუფი - სლოვენია, დანია, ინგლისი, სერბეთი
სლოვენია - 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება
დანია - 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება
ინგლისი - 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება
სერბეთი - 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება
C ჯგუფი ჩვენთვის ისტორიულად ნაკლებად კარგი გამოცდილების მქონე ნაკრებებითაა დაკომპლექტებული. როგორც ხედავთ, ამ ჯგუფში მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ სლოვენიასთან გვაქვს მოგება, ისიც ერთხელ, კერძოდ 2010 წლის ამხანაგურ შეხვედრაში, - 1:2.
D ჯგუფი - პოლონეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, საფრანგეთი
პოლონეთი - 1 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება
ავსტრია - 0 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება
ნიდერლანდები - 0 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება
საფრანგეთი - 0 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
წინა ჯგუფის მსგავსად, ამ ნაკრებებთანაც ისტორიულად ცუდად გამოვიყურებით. ჩვენი ერთადერთი გამარჯვება პოლონეთზე მოდის, რომელიც საქართველომ 1997 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა, - 3:0.
E ჯგუფი - რუმინეთი, ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა
რუმინეთი - 1 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება
ბელგია - არასდროს გვითამაშია
სლოვაკეთი - 1 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება
უკრაინა - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება
ამ ქვეჯგუფის ორ ნაკრებთან გვაქვს მოგებული, ერთხელ რუმინეთთან და ერთხელ სლოვაკეთთან. რუმინეთს 2021 წლის ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 ვაჯობეთ, სლოვაკები კი 2000 წელს კვიპროსის ტურნირზე გვყავს დამარცხებული, - 0:2.
F ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, პორტუგალია, საქართველო
ჩეხეთი - არასდროს გვითამაშია
თურქეთი - 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
პორტუგალია - 0 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება
ერთადერთი მოგება ჩვენი ქვეჯგუფის ნაკრებებიდან თურქეთთან გვაქვს მოპოვებული, კერძოდ 2007 წლის ამხანაგურ შეხვედრაში, ანგარიშით 1:0, ევრო 2024-ზე კი სადებიუტო შეხვედრას სწორედ მათ წინააღმდეგ ვმართავთ!
თუ იდეალურ ჯგუფს ჩვენი ნაკრების ისტორიული გამოცდილებიდან შევადგენდით, მაშინ ასეთი ოთხეული უნდა მიგვეღო:
შოტლანდია, ალბანეთი, სლოვენია და საქართველო.
რაც შეეხება ჩვენ მიერ დამარცხებული ნაკრებების სიას, ის ასე გამოიყურება:
შოტლანდია, უნგრეთი, ხორვატია, ესპანეთი, ალბანეთი, სლოვენია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი (ჯამში 10 ნაკრები).