განაცხადს მიღმა | რომელი ფეხბურთელები არ წაიყვანა სანიოლმა ევრო 2024-ზე? » სპორტის ხაზი

განაცხადს მიღმა | რომელი ფეხბურთელები არ წაიყვანა სანიოლმა ევრო 2024-ზე?

განაცხადს მიღმა | რომელი ფეხბურთელები არ წაიყვანა სანიოლმა ევრო 2024-ზე?
22-05-2024, 13:01
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის ეროვნული გუნდის სრული განაცხადი დაასახელა.

მიუხედავად ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობისა, მაინც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ქართველი გულშემატკივარი სანიოლის განაცხადში ელოდა.

მაგალითისთვის, სანიოლმა განაცხადში ისეთი მოთამაშეები არ მოახვედრა, როგორებიც საბა საზონოვი, ირაკლი აზაროვი, გიორგი არაბიძე და თორნიკე ოქრიაშვილი არიან. მოდით, ავხსნათ თითოეული მათგანის არყოფნა:

საბა საზონოვი
- მიუხედავად იმისა, რომ საბა სერია A-ში მოასპარეზე ტორინოში თამაშობს, მას შიდა ჩემპიონატში ძალიან ცოტა დრო ეძლევა და დიდი ალბათობით, სწორედ ამიტომ არ დაუძახეს ახალგაზრდა მცველს. საზონოვს მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში სულ რაღაც 12 თამაში აქვს ნათამაშები, ისიც წუთობრივად დათვლილი, რის გამოც 22 წლის მცველი განაცხადს მიღმა დარჩა.

ირაკლი აზაროვი - ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ცალკე კომენტარი გააკეთა, - "აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ლევან შენგელიამ და გიორგი წიტაიშვილმა მარტში დიდებულად წარმოაჩინეს თავი და ევროპის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებდნენ, სამივე ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა არ შემეძლო", - თქვა სანიოლმა.

თორნიკე ოქრიაშვილი - ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილი ნაკრებში უნდა დაბრუნებულიყო. ქართულ მედიაში თავად ფეხბურთელის კომენტარებიც ქვეყნდებოდა, რომელიც ევრო 2024-ზე წასვლის იმედს არ კარგავდა, თუმცა, როგორც ჩანს, სანიოლის არსებულ გეგმებში ოქრიაშვილის ადგილი ვერ მოიძებნა, მიზეზი კი რამდენიმე შეიძლება იყოს (ფიზმომზადება, ახალი ფორმაციის ნაკრებთან ქიმიის არქონა და სხვა).

გიორგი არაბიძე
- ყველაზე მთავარი გიორგი არაბიძის არყოფნაა, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული საოცრადაა ათამაშებული, ულამაზესი გოლები გააქვს და ქუთაისის ტორპედოს მთავარი მამოძრავებელი ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივ ნაკრებში მისი გაბრწყინება გვახსოვს, სანიოლმა ის მაინც არ წაიყვანა, რაც ვილიმ რამდენიმე თვის წინ იმით ახსნა, რომ ეროვნულ ლიგას საკმარისი ხარისხის ფიზმომზადება და ინტენსივობა არ გააჩნია.

ცნობისთვის, ეს განაცხადი სრული არაა. ვილი სანიოლს 7 ივნისამდე აქვს მასში კორექტირების შეტანის შესაძლებლობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი