Sky Sport Italia წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ახალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ახალი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახალი ფორმაციის ნაპოლის მთავარი ლიდერი გახდება და პირველობის გაყოფა არავისთან არ მოუწევს, როგორც ახლა ეს ვიქტორ ოსიმენთან მიმართებით ხდება.
„ხვიჩა კვარაცხელია ახალი ნაპოლის საყრდენი გახდება. ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი დე ლაურენტისისთვის მთავარი ფიგურა იქნება.
მიმდინარე სეზონი ნაპოლისთვის ცუდი გამოვიდა და მაქსიმუმი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. ამიტომ კვარაცხელიასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულება გაჭიანურების გარეშე მოახერხოს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც მიითვალა.