საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ლიგის კლუბების პრეზიდენტებმა ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე ისაუბრეს.
დავით კერესელიძე, ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი – „გასულ წლებში კლუბებს ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები ჰქონდათ. საქართველოში ჩატარებულმა 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატმა საშუალება მოგვცა, ნორმალურ მოედნებზე გვევარჯიშა და გვეთამაშა. ჩემი აზრით, ტელევიზიებმა ეროვნული ლიგა მეტად უნდა გააშუქონ.
რეალურად, საქართველოს ჩემპიონატის წინასვლაში ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ, რაც სატელევიზიო მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. კომერციული ინტერესისა და ფინანსური რესურსის გარეშე ჩემპიონატის დონის ამაღლება წარმოუდგენელია.
საქართველოში ბიზნესს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ფეხბურთი სახელმწიფოს დახმარების გარეშე განვითარდეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა საგადასახადო შეღავათების დაწესება.
ბესიკ ჩიხრაძე, „გაგრის“ პრეზიდენტი – „გულახდილად ვიტყვი, რომ ხშირად მიფიქრია ფეხბურთიდან წასვლაზე, მაგრამ „გაგრა“ ჩემთვის აფხაზეთის სიმბოლოა და მგონია, რომ ეს კლუბი თუ აღარ იარსებებს, ყველა წავაგებთ.
რაც შეეხება განვითარებას, ფეხბურთის წინსვლა სახელმწიფოს თანადგომის გარეშე შეუძლებელია, სახელმწიფო კლუბებს ევროპაშიც ეხმარება.
ახლა ბევრი საუბარია სახელმწიფო ფონდიდან ქართული ფეხბურთისთვის გამოყოფილ თანხებზე – რეალურად ეს თანხა აზერბაიჯანში ორი კლუბის ბიუჯეტის ტოლფასია, ჩვენთან კი ხუთი ლიგის კლუბებზე ნაწილდება.
ჩემი აზრით, ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომ ქართულმა ბიზნესმა ფეხბურთში გარკვეული თანხების ინვესტირება შეძლოს. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამით ბოროტად არავინ ისარგებლოს. სპონსორების მოსაზიდად, უნდა იყოს შეღავათების სისტემა, სხვანაირად განვითარება ვერ მოხდება“.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, „იბერია 1999“-ის პრეზიდენტი – „პრობლემა ნამდვილად ბევრია. ჩემპიონატმა გარკვეულ დონეს მიაღწია, მაგრამ მისი კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კომერციალიზაცია უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს.
არის აზრთა სხვადასხვაობა, იგივე ლეგიონერების ლიმიტზე – ჩემი აზრით, გუნდში 10 ლეგიონერიც ბევრია და სახელმწიფოსგან მიღებული ფულით 15 ლეგიონერისთვის ხელფასის გადახდა, მინიმუმ, უხერხულია. აჯობებს, ეს თანხა საქართველოში მოქმედ აკადემიებზე გადანაწილდეს და ქართველი ახალაგზრდები გავაძლიეროთ. ჩვენთან კომერციალიზაცია ძალიან ნელი ტემპებით მიდის, ეს უნდა იყოს კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის მთავარი საზრუნავი.
რაც შეეხება შეღავათებს – ქვეყანას ვალდებულება აქვს სავალუტო ფონდთან და აქედან გამომდინარე, შეღავათების დაწესება რთული განსახორციელებელი იქნება.
პროფლიგასთან დაკავშირებითაც ვიტყვი: ვფიქრობ, მისი შექმნისკენ უფრო სწრაფი ტემპით უნდა ვიაროთ, ამისთვის კი მარტო კლუბების მცდელობა საკმარისი არ არის. ადრე მქონდა შეთავაზება პროფლიგის პრეზიდენტობაზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ არაა აუცილებელი რომელიმე ჩვენგანი გახდეს პროფლიგის ხელმძღვანელი. კარგი მენეჯერი უნდა მოვიყვანოთ, კლუბების პრეზიდენტები კი ბორდის თანაბარუფლებიანი წევრები გავხდეთ და დავიწყოთ ეროვნული ლიგის კომერციალიზაცია, მიმაჩნია, რომ ამ რთული ვითარებიდან ესაა გამოსავალი“.
1tv.ge