"ფავორიტი უკრაინაა, სანიოლის ფეხბურთი არ მომწონს" - დემჩენკოს კომენტარი უკრაინულ მედიასთან » სპორტის ხაზი

"ფავორიტი უკრაინაა, სანიოლის ფეხბურთი არ მომწონს" - დემჩენკოს კომენტარი უკრაინულ მედიასთან

"ფავორიტი უკრაინაა, სანიოლის ფეხბურთი არ მომწონს" - დემჩენკოს კომენტარი უკრაინულ მედიასთან
9-02-2024, 16:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს და უკრაინის ნაკრებები ერთად მოხვდნენ უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B1 ჯგუფში, სადაც მათთან ერთად ჩეხეთი და ალბანეთიც გამოვლენ. ჯგუფური ტურნირი 6 ტურად სექტემბერ-ნოემბერში ჩატარდება.

დინამო ბათუმის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ Ukrfootball-ს ინტერვიუ მისცა:

"თანაბარი ჯგუფია. სიურპრიზის შემოთავაზება ალბანელებსაც შეუძლიათ, ჩეხებსაც და ქართველებსაც, თუმცა, ჩემთვის ფავორიტი უკრაინაა. კარგი მწვრთნელი გვყავს - რებროვის ხელში გუნდი პროგრესირებს. მასში გამოცდილებისა და ახალბედების კარგი ნაზავია. ვფიქრობ, უკრაინისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე ჩეხეთი იქნება. ალბანელები შეუპოვრები არიან, ბოლომდე იბრძვიან. ჩამოწერა არც საქართველოსი შეიძლება. ყველა მეტოქეს პატივისცემით უნდა მოეპყრა, მაგრამ უკრაინელი მოთამაშეების კლასი ჯგუფში მაინც უმაღლესია.

მე არ მომწონს სანიოლის ფეხბურთი, . მან თავიდანვე დაცვითი სქემა აირჩია - 5-4-1 ან 5-3-2. სანიოლი ამას იმით ხსნის, რომ ჰყავს არცთუ სწრაფი და ასაკიანი ცენტრალური მცველები. მაგრამ შეტევითი პოტენციალი საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერი აქვს. წინ მაგარი ბიჭები თამაშობენ და სწორედ ამის გამო არ მომწონს, რომ სანიოლი მათ ფეხბურთის თამაშს ღრმა დაცვიდან აიძულებს.

საქართველოს ნაკრები თავის საჯარიმოში მყარად ჩადგება, დაკეტავს თავისუფალ ზონებს და პოზიციური თამაში გამოვა. უკრაინას ჰყავს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მოთამაშის თავისუფლად მოტყუება.

ამგვარად, ვფიქრობ, რომ საქართველო უკრაინას ბევრ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და საჭიროა მეტოქის დაფასება და მატჩისთვის სათანადოდ მომზადება.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა ნაპოლიდან. გამოვყოფ ზურიკო დავითაშვილს ბორდოდან და გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც მეცში აიაქსიდან იჯარით თამაშობს. ქართველებს ჰყავთ კარგი განაპირა მცველები - შახტარიდან აზაროვი და გოჩოლეიშვილი. გუნდის სუსტი მხარე კი ცენტრალური დაცვაა - გამოცდილმა ცენტრალურმა მცველებმა კვერკველიამ და კაშიამ 30 წლის ასაკს უკვე გადააბიჯეს და სისწრაფით არ გამოირჩევიან. უკრაინას შეუძლია ამით ისარგებლოს".

ანდრეი დემჩენკომ დინამო ბათუმის ფეხბურთელების, ვლადიმერ მამუჩაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის შესახებაც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოდიან.

"ისინი დინამო ბათუმის წამყვანი მოთამაშეები არიან. მამუჩაშვილი სტაბილური, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. შემთხვევითი არ არის, რომ მას ნაკრებში მუდმივად იწვევენ. დღეს მის პოზიციაზე ნაკრებში უფრო მეტად გოჩოლეიშვილი თამაშობს, მაგრამ მჯერა, წელს მამუჩაშვილი კონკურენციას გაუწევს, რომელიც ჩვენს თვალწინ იზრდება.

წიტაიშვილი დიდი ხნის განმავლობაში კლუბებს იჯარით იცვლიდა, მაგრამ ახლა ჩვენთან მყარადაა და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. გიოს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ძველ კონდიციებს იბრუნებს. ნიჭიერი ბიჭია. არ ვიცი, ბოლო დროს რატომ არ იწვევენ ნაკრებში. შესაძლოა, მთავარ მწვრთნელს ვერ მოაწონა თავი, მაგრამ ჩემს გუნდში გიო კარგად მუშაობს და კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება დინამო კიევიდან მის შესაძლო ტრანსფერს, დინამო ბათუმი დიდი პლაცდარმია ევროპისკენ და თუკი დავინახავთ, რომ მის იმაზე დიდ თანხად გაყიდვას შევძლებთ, ვიდრე გამოსყიდვა დაგვიჯდება, რატომაც არა? ფეხბურთიც ბიზნესია. ვნახოთ. ჯერ საჭიროა, რომ სტაბილურად ითამაშოს, გაიტანოს გოლები და მისმა ფასმა მოიმატოს"
- ამბობს 47 წლის სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.