14 იანვრის თამაში | დიდი დესანტით კასტრში » სპორტის ხაზი

14 იანვრის თამაში | დიდი დესანტით კასტრში

14 იანვრის თამაში | დიდი დესანტით კასტრში
12-01-2024, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

14 იანვარს, ძირძველი ახალი წლის შეხვედრას ქართული რაგბის აქტივი და გულშემატკივრები საფრანგეთში, ტულუზაში გეგმავენ, იმედით, რომ ძლევამოსილ ფრანგულ ‘კასტრზე’ ‘შავი ლომის’ გამარჯვებას დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმსხვილეს ტურნირ ჩელენჯ თასზე ქართული კლუბი ფრანგულ ‘კასტრს’ 13 იანვარს დაუპირისპირდება და ეს მისი მესამე მატჩი იქნება. იმის მიუხედავად, რომ ‘შავი ლომი’ ტურნირის დებიუტანტია, წინა შეხვედრებში ერთი გამარჯვება და ერთი ნუგეშის ქულა უკვე მოიპოვა (ჯამში – 5).

შესაბამისად, სრულიად საქართველო ამ მესამე მატჩში კვლავ გამარჯვების მოლოდინშია, ხოლო 20 იანვარს ტურნირის ჯგუფური ეტაპის კულმინაცია – ‘შავი ლომისა’ და ‘კლერმონის’ შერკინება თბილსში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

ჩელენჯ თასზე ქართული ფრენჩაიზის ისტორიული დებიუტი გულშემატკივრის აქამდე არნახული მასშტაბის მხარდაჭერას იღებს, რათა ‘შავმა ლომმაც’ მიიღოს გამარჯვებისთვის საჭირო მუხტი და ოვალური სამყაროც დარწმუნდეს, რომ რაგბი ნამდვილად ქართული თამაშია.

საქართველოს რაგბის კავშირის, კლუბებისა და გულშემატკივრის შეთანხმებით, გასვლით მატჩებზე ჩარტერული ავია-რეისები დაინიშნება. ამჯერად კასტრში 500-ზე მეტი მხარდამჭერი ჩავიდა – მტკიცე გადაწყვეტილებით – მე-16 მოთამაშედ გვერდში ამოუდგეს ‘შავ ლომს’, რათა „სახლის გუნდ“ ‘კასტრთან’ ჩვენს ბიჭებს ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოაკლდეს.

საშინაო მატჩებზე კი გულშემატკივრის მეტი მოტივირებისთვის რაგბის კავშირი პარტნიორებთან ერთად მრავალ საზეიმო ღონისძიებასა თუ კონცერტს გამართავს, მოაწყობს მეგა-პრიზების გათამაშებას.

სანუკვარი მიზანი ისე ახლოსაა, როგორც არასდროს და ახლა გულშემატკივრის სრული მობილიზაციაა საჭირო. მიზანი, რომელიც ყველასთვის ერთია, ყველას ერთად დგომას მოითხოვს – დავიწყოთ 20 იანვარს მიხეილ მესხის სტადიონით და არ გავჩერდეთ სანამ მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ქვეყნებს შორის ჩვენს ისტორიულ ადგილს არ მოვიპოვებთ!

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი