რაგბი | 2023 წლის სპორტული შედეგები » სპორტის ხაზი

რაგბი | 2023 წლის სპორტული შედეგები

რაგბი | 2023 წლის სპორტული შედეგები
3-01-2024, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული გუნდებისთვის. მათმა უმეტესობამ საერთაშორისო ტურნირებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

18-წლამდელებმა ნოემბერში, ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს. ფინალში ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პორტუგალია 19:3 დაამარცხეს. მანამდე მათ ჯერ შვეიცარიას (86:10) და მერე ნიდერლანდებს (29:10) სძლიეს. შეგახსენებთ, ჩვენი 18-წლამდელები ზედიზედ მერვედ გავიდნენ ფინალში და ბოლო ხუთი გადამწყვეტი მატჩი მოიგეს.

წელს პირველად, უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავიდნენ და საბოლოოდ სარეკორდო, მე-8 ადგილი დაიკავეს. სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, თბილისს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვია და ლადო კილასონიას შეგირდებთან ორი ტესტ-მატჩი გამართა.

პირველში მეტოქემ დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო გაიტანა და 41:36 გაიმარჯვა, მეორე მატჩში კი საქართველომ პირველად მოახერხა ინგლისის ნაკრების დამარცხება – 40:38.

20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ხელიდან დაგვისხლტა (23:33). ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორი თამაში საქართველომ არგენტინასთან (20:0) და იტალიასთან (30:17) სარეკორდო სხვაობებით მოიგო და ოდნავ რომ გამართლებოდა თასის ნახევარფინალშიც გავიდოდა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები უელსს (21:40), ხოლო მე-7 ადგილისთვის ახალ ზელანდიას (26:50) შეიბნენ და შინ მე-8 ადგილით დაბრუნდნენ.

ისტორიული წელი ჰქონდა საქართველოს 7-ქალას, რომელმაც რაგბი ევროპის ალაფაზე ორი ეტაპის ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპულ ელიტამდე სულ ცოტა დააკლდა. პირველ, ზაგრების ეტაპზე ჯაბა მალაღურაძის შეგირდები თასის ნახევარფინალში გავიდნენ, საბოლოოდ კი მე-4 ადგილს დასჯერდნენ.

ბუდაპეშტის ეტაპზე ჩვენი გოგონები კვლავ გავიდნენ თასის ნახევარფინალში და უკრაინას ვერც ამჯერად აჯობეს, თუმცა ფინეთთან რევანში აიღეს, 12:7 გაიმარჯვეს და ალაფას ეტაპის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს, ორი ეტაპის ჯამში კი, ფინეთთან მესამე-მეოთხე ადგილი გაიყვეს.

მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც 2004 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ეტაპის ფინალში. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა, ალგარვეს ეტაპზე ჯგუფური ეტაპი რუმინეთის ძლევით გადალახეს, მეოთხედფინალში ესპანეთს 24:12, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთს 14:7 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ – 10:19 და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

მეორე, ჰამბურგის ეტაპზე, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის 19:12 დამარცხების მიუხედავად არ გაგვიმართლა და 6 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილისთვის გავაგრძელეთ ბრძოლა, სადაც ჯერ ჩეხეთი (14:7) და მერე რუმინეთი (17:12) დავამარცხეთ. ორი ეტაპის ჯამში საქართველოს 7-კაცამ მე-6 ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჩელენჯერის საგზური მოიპოვა, რომელიც 2024 წელს სამ ეტაპად გაიმართება.

გასულ წელს 7-კაცამ ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიც ითამაშა და პოლონეთში მე-7 ადგილი დაიკავა.

მოედნის მიღმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველოს რაგბის კავშირმა, რომელმაც პირველი ქართული ფრენჩაიზისთვის, ‘შავი ლომისთვის’ ადგილი ევროპის უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში მოიპოვა. სადებიუტო შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ შედგა. 150 წლის ისტორიის მქონე ინგლისურმა გრანდმა ‘გლოსტერმა’ მასპინძლებს ლელო ვერ გაუტანა, თუმცა 15:10 იმარჯვა და მასპინძლები ნუგეშ-ქულას დააჯერა.

15 დეკემბერს ‘შავი ლომი’ ‘სქარლეთს’ უელსში ეწვია და დაძაბულ მატჩში 23:7 იმარჯვა, რამაც გუნდს პირველივე წელს ტურნირის ფლეი ოფში გასვლის და კიდევ მინიმუმ ერთი უმაღლესი დონის თამაშის გამართვის შესაძლებლობა გაუჩინა. მანამდე, ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე ‘შავი ლომი’ 13 იანვარს საფრანგეთში ‘კასტრს’ ერკინება, 20-ში კი „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ ‘კლერმონს’ მასპინძლობს.

პარალელურად, ‘შავმა ლომმა’ ზედიზედ მესამედ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი, რომელიც წელს განსხვავებული ფოტმატით ჩატარდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგეს, ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ 41:0 დაამარცხეს, ფინალში კი ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ 27:17 სძლიეს.

ეროვნულმა ნაკრებმა წელი რაგბი ევროპის ჩემპიონატით დაიწყო და ტიტული ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მე-15-ედ მოიპოვა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ხუთივე თამაში დამაჯერებლად მოიგეს: ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან 75:12, ნიდერლანდებთან 40:8 და ესპანეთთან 41:3; ნახევარფინალში რუმინეთი 31:7 და ფინალში პორტუგალია 38:11.

წლის მთავარ მოვლენამდე, 2023 წლის მსოფლიო თასამდე საქართველომ ტესტ-მატჩები გამართა და პირველი ორი სარეკორდო სხვაობით მოიგო – რუმინეთთან 56:6 და აშშ-სთან 22:7. საფრანგეთში ჩასვლამდე ბორჯღალოსნებმა ტესტ-მატჩი გამართეს შოტლანდიასთან და „მარიფილდზე“ ტაიმი მოიგეს, საბოლოოდ კი მასპინძლებმა 33:6 გაიმარჯვეს.

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე თამაშში იბრძოლეს, თუმცა შინ გამარჯვების გარეშე დაბრუნდნენ. ავსტრალიასთან 15:35-ის შემდეგ, პორტუგალიასთან მატჩი მოულოდნელად ფრედ, 18:18 დასრულდა. ფიჯის დამარცხებასთან ბორჯღალოსნები ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ არ გაუმართლათ და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდნენ (12:17), უელსმა კი დასკვნითი შეხვედრა 43:19 მოიგო. საბოლოოდ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულა მოაგროვა.

2024 წელს ქართული რაგბი ახალი გამოწვევებით და იმედებით ხვდება. წინ კიდევ არაერთი ისტორიული დღე და მოვლენა გველოდება!

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი