დერბი დელ სოლე - "რომა" "ნაპოლის" წინააღმდეგ | პრევიუ » სპორტის ხაზი

დერბი დელ სოლე - "რომა" "ნაპოლის" წინააღმდეგ | პრევიუ

დერბი დელ სოლე - "რომა" "ნაპოლის" წინააღმდეგ | პრევიუ
22-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 23 ოქტომბერს "სტადიო ოლიმპიკო" 22:45-ზე იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ კლასიკას, კერძოდ დერბი დელ სოლეს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს "რომა" და ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ბოლო 3 თამაში ზედიზედ მოიგო, მათ შორის ჩემპიონობისთვის მებრძოლ"ინტერთან", რისი წყალობითაც "რომას" 22 ქულა მოუგროვდა და ჯალოროსი მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ნაპოლის", ისინი ჩემპიონატში წაუგებელ სვლას განაგრძობენ და ხვალინდელი გამარჯვება პარტენოპეისთვის ტიტულის მოგების შანსის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესი იქნება. დღევანდელი მონაცემებით, სპალეტის გუნდი პირველ პოზიციას 26 ქულით იკავებს: "ნაპოლი უახლოეს დღეებში, რომას შემდეგ, როგორც ლივერპულს, ისე ატალანტას დაუპირისპირდება და არსებობს შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გავიგოთ, თუ რეალურად რამდენად ძლიერია ლუჩანო სპალეტის გუნდი." - წერს Sportsmole. მართლაც, "ნაპოლის" ახლანდელი კალენდარი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება, თუმცა სწორედ მსგავსი მძიმე მატჩები იძლევა პასუხს, არის თუ არა გუნდი სინამდვილეში ყველაზე ძლიერი.

აღსანიშნავია, რომ დერბი დელ სოლეს ბოლო 8 შეხვედრაში "რომამ" გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოახერხა, ისიც 2019 წელს, როდესაც ჯალოროსიმ პარტენოპეი 2:1 დაამარცხა. რაც შეეხება "ნაპოლის", მათ ამ პერიოდში 4 მოგება აქვთ, დანარჩენი სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. საინტერესო ფაქტია, რომ თუ ხვალინდელ დერბის "რომა" მოიგებს, მაშინ ჟოზე და მისი გუნდი ერთობლივ რეკორდს დაამყარებენ: ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოურინიო "რომასთან" ერთად ზედიზედ 4 შეხვედრას მოიგებს, რის საპირისპიროდაც დაუმარცხებელი "ნაპოლი" და ლუჩანო სპალეტი დგანან.

რაც შეეხება ტრავმებს, როგორც იწერება, "ნაპოლიში" შემდეგი სიტუაციაა: გუნდს სრულებით დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენი, ამიტომ სპალეტის ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. საპირისპიროდ ამისა, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამირ რაჰმანი, რომელმაც, შესაძლოა ფეხბურთი 2023 წლამდე ვეღარ ითამაშოს და დიდი ალბათობით, ხვალინდელ შეხვედრას ჟუან ჟესუსიც გამოტოვებს. ასევე, ზამბო ანგისა ვარჯიშს კვირის ბოლოსკენ დაუბრუნდა და საუკეთესო შემთხვევაში კამერუნელი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

"რომას" ტრავმიანობის სიახლეები: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" კუმბულა, ჩელიკი და ვეინალდუმი დააკლდებიან. რაც ყველაზე მთავარია, ჟოზეს თავისი გუნდის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე, კერძოდ პაულო დიბალაც არ ეყოლება.

საგულისხმოა, რომ ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე მატჩამდე შემდეგი რამ თქვა: "კვარაცხელიას შეჩერება? - თუ ხვიჩა ახლოს ჩამივლის, ჩავარტყამ", ხუმრობით თქვა ჟურნალისტებთან ჟოზემ. რაც შეეხება სპალეტის, მან თქვა, რომ "რომა" ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც წარმატებით თამაში ყველა მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია. აგრეთვე, იტალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კვალიფიკაციაც შეაქო და გამოარჩია.

საინტერესოა, სავარაუდო XI-ები, რომლებსაც უცხოური საიტები გვთავაზობენ:

"რომა": პატრისიო, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, კარსდორპი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა, პელეგრინი, ძანიოლო, აბრაჰამი.

"ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ოსტიგარდი, რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ზიელინსკი, კვარაცხელია, ოსიმენი, ლოზანო.

წინ დიდი მატჩია და იმედი დავიტოვოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდებულად ითამაშებს და "სტადიო ოლიმპიკოზე" მეორე რომაულ გუნდსაც გაუტანს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი