გიორგი გველესიანი, რომელიც “პერსეპოლისის” ღირსებას იცავს, ირანის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, U19-ებში. გუშინ გამოქვეყნებულ პოსტში გველესიანმა სწორედ აღნიშნულ მოვლენაზე გააკეთა აქცენტი. ვნახოთ, რას წერს იგი სოციალურ ქსელში:
“გუშინ სპარსეთის ლიგის საუკეთესო მცველად დამასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო ნომინირებული. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საფეხბურთო ექსპერტები, მიიჩნევს, რომ ეს პრიზი დამსახურებულად მოვიპოვე. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. დიდი მოტივაციაა იმის მიუხედავად, რომ არასდროს მითამაშია ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. მეტიც, არასდროს ვყოფილვარ 17,19 ან 21-წლამდელთა გუნდში, თუნდაც ერთი წუთით. შესაძლოა, იყო დრო, როცა ამას არც ვიმსახურებდი, მაგრამ იყო ისეთი დროებაც, რომ ნაკრებში მიწვევას ვიმსახურებდი და ეს ფაქტია, რომ ჩემს მოტივაციას ანადგურებდა.
თითქოს არ ვარსებობ ან უსამშობლო ვარ. მათი თვალები ყოველთვის ფართოდ დახუჭული იყო, ხოლო ყურები დახშული. განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი დიდი გუნდის, პერსეპოლისის ფეხბურთელი ვარ. მაქვს ყოველწლიური პროგრესი და ყველამ იცის, ვინც მიცნობს, როგორი პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემს საქმეს.
შესაძლოა, ჩემგან ევროპის TOP 5 ჩემპიონატის გუნდში თამაშს ითხოვდნენ. ესეც შემეძლო, რომ დამხმარებოდნენ. არ ვწუწუნებ, არც მოწყალებას ვითხოვ. მეტიც არც მიწვევას ვითხოვ. უბრალოდ გავაგრძელებ ჩემს ყოველდღიურ შრომას.
საბედნიეროდ, ირანში რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევს. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შენი შრომა დაფასდა, ცალსახად სასიამოვნოა. მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის.”
გიორგი მიმდინარე სეზონში “პერსეპოლისის” მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.