ფრანგულ გრანდ „პარი სენ-ჟერმენში“ მეკარის პოზიციაზე სიტუაცია არასტაბილური ხდება – ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 26 წლის მეკარე და კლუბი ჯერ ვერ ახერხებენ შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე, რაც მის შესაძლო წასვლაზე მიანიშნებს.
დონარუმას მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა იტალიელი გოლკიპერი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც პარიზული კლუბისთვის დამატებითი გამოწვევაა. ამ ფონზე, მისი სიტუაციით დაინტერესდნენ რამდენიმე ტოპ-კლუბი. „ბაიერნი“ დონარუმას მიუნხენში მანუელ ნოიერის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, ხოლო მადრიდის „რეალი“ მას ტიბო კურტუას ალტერნატივად აკვირდება. ინტერესს იჩენენ პრემიერლიგის კლუბებიც.
გასულ სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე „პსჟ“-ს შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 12-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს.