ლეგენდარული გერმანელი მცველი ფილიპ ლამი New York Times-სთან ინტერვიუში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგასა და თანამედროვე შემტევებზე მსჯელობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო.
ლამმა განმარტა, რომ როგორც ყოფილი მცველი, ყოველთვის აკვირდება იმ შემტევებს, რომელთა წინააღმდეგაც მას მოედანზე წარსულში მოუწევდა თამაში: „მოგეხსენებათ, მცველი ვიყავი და მაინტერესებს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც პირისპირ რომ შევხვედროდი, როგორ გავუმკლავდებოდი.“
საუბარში მან რამდენიმე შემტევი გამოარჩია: მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჯუნიორი, ბუკაიო საკა, ლამინ იამალი, უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია. მისი თქმით, ეს ფეხბურთელები თანამედროვე ფეხბურთში შეტევით მექანიკაში მთავარ როლს ასრულებენ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ლამმა ხაზი გაუსვა მის უნიკალურ შესაძლებლობას – სწრაფად და მიზანმიმართულად გადაადგილდეს ბურთით დიდი მანძილზე და შეინარჩუნოს ეფექტურობა ეპიზოდის ბოლომდე:
„ის სივრცე, რომელსაც ხვიჩა გადის ბურთთან ერთად, გასაოცარია. ბოლომდე სახიფათოა – ეს ძალიან იშვიათი თვისებაა. შეტევაში მართლაც მომაკვდინებელია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიზიდავს, ის დაცვაშიც თავდაჯერებულად მოქმედებს და ბოლომდე იბრძვის.“
ლამმა ასევე აღნიშნა, რომ ხვიჩას თავდადება მას ფრანკ რიბერის ახსენებს და დარწმუნებულია, რომ მის თანაგუნდელებს უდიდესი სიამოვნება აქვთ კვარაცხელიასთან ერთად თამაშით:
„მასთან ერთად ყოფნა ნიშნავს ყოველთვის გრძნობდე, რომ გუნდის ნაწილად რჩები – რაც უნდა ხდებოდეს კონკრეტულ მომენტში.“
გერმანელი ვეტერანი თვლის, რომ ხვიჩას ფორმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „არსენალის“ წინააღმდეგ:
„მისი ბურთთან მუშაობის დონე ისეთ გამოწვევებს მახსენებს, რასაც ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებში თამაშის დროს ვხვდებოდი.“
ფილიპ ლამის სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეა, არამედ ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელებსა და თანაგუნდელებსაც სანდოობის განცდას უჩენს.